Thumbnail
  • საარჩევნო ყრილობას საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი ესწრებოდა
  • სფფ-ს არჩეულ პრეზიდენტს გამარჯვება უეფას ვიცე-პრეზიდენტმა მიულოცა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყრილობაზე ლევან კობიაშვილი პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. მას კონკურენტი არ ჰყავდა და შესაბამისად, არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. კობიაშვილს ხმის უფლების მქონე 28-ვე დელეგატმა დაუჭირა მხარი. არჩევნების შემდეგ, კობიაშვილმა მედიისთვის კომენტარი გააკეთა.

ერთადერთმა კანდიდატმა, ლევან კობიაშვილმა ყველა ხმა მიიღო - ფოტოები: POPSPORT.COM

“პირველ რიგში, მადლობა ყველას, ვინც ნდობა გამომიცხადა. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. ბუნებრივია, რომ ჩვენ გავაგრძელებთ იმ გზას, რომელიც დაწყებული გვაქვს. წინ დიდი გამოწვევებია და მზად ვართ, რომ ეს გამოწვევები მივიღოთ. მოტივირებული ვარ და მაქვს რესურსი, რომ კიდევ უფრო მეტად ჩავერთო იმ სფეროში, რომელიც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მჯერა, რომ ჩემ გუნდთან ერთად, კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ”, - განაცხადა კობიაშვილმა.

"ბოლო ოთხი წლის განმავლობაში დიდი სამუშაო შესრულდა და ეს ეროვნული ნაკრების შედეგებზეც აისახა!" - ვლადიმირ ვაისი

საარჩევნო ყრილობას საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი დაესწრო, რომელმაც მედიასთან შემდეგი განაცხადა: “ჩამოვედი, რათა საპრეზიდენტო არჩევნებში ლევან კობიაშვილისთვის და მისი გუნდისთვის მხარი დამეჭირა. ერთადერთი კანდიდატი იყო და ვფიქრობ, მან დაიმსახურა ეს ნდობა. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში დიდი სამუშაო შესრულდა და ეს ეროვნული ნაკრების შედეგებზეც აისახა. გარდა ამისა, ქართულ ფეხბურთში გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ერთად გავაგრძელებთ მუშაობას ქართული ფეხბურთის საკეთილდღეოდ. მე მწვრთნელი ვარ და ჩემი საქმით შემიძლია დავუდგე გვერდით კობიაშვილს. მოხარული ვარ არჩევნების შედეგით, ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ეს პროცესი მხოლოდ დადებითად აისახება ქართული ფეხბურთის განვითარებაზე. მინდა ლევანს წარმატება და ქართული ფეხბურთის წინსვლა ვუსურვო”.

უეფას ვიცე-პრეზიდენტი მიკელე უვა

ვაისმა ლევან ხარაბაძეზეც ისაუბრა, რომელიც თბილისის დინამოდან შვეიცარიულ ციურიხში გადავიდა და ახალი გუნდის ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი: “შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხარაბაძემ პირველი ნაბიჯი გადადგა დიდ ფეხბურთში. ძალიან ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელიც სწორ გზაზე დგას. ლევანი შეგვიძლია მოვიაზროთ გიორგი ნავალოვსკის კონკურენტად მარცხენა ფლანგზე, თუმცა ამ პოზიციაზე სხვა ფეხბურთელებსაც შეუძლიათ თამაში. ვუსურვებ, რომ იყოს თავმდაბალი, ბევრი იშრომოს, ისწავლოს და განვითარდეს. იმედია, ხარაბაძე გიორგი ჩაკვეტაძის გზას დაადგება. უცხო ქვეყანაში თავიდან გაუჭირდება, მაგრამ კარგად დაიწყო და ეს ძალიან მახარებს”. - განაცხადა ეროვნული ნაკრების სლოვაკმა მწვრთნელმა.

საარჩევნო ყრილობას უეფას წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტი მიკელე უვა, რომელმაც მოკლე კომენტარი გააკეთა: “ჩემთვის აქ ყოფნა დიდი პატივია. მინდა, მივულოცო ლევან კობიაშვილს გამარჯვება, რომელიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს ქართულ ფეხბურთს. ვნახეთ საინტერესო პრეზენტაცია და ისიც ვიცით, რომ წინა წლებში ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა. კობიაშვილს საინტერესო პროგრამა აქვს და მას წარმატებას ვუსურვებ”.

კომენტარები

ბოლო ამბები