Thumbnail

მუნდიალი 2030-ის მასპინძლობა სამხრეთ ამერიკის ოთხ ქვეყანას სურს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • არგენტინა, ჩილე, პარაგვაი და ურუგვაი ერთობლივ განაცხადს ამზადებენ
  • 2030 წელს ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატების 100 წლის იუბილე აღინიშნება
  • სამხრეთამერიკელებს სერიოზული მეტოქეები ევროპის კონტინენტზე ეყოლებათ

არგენტინის, ჩილეს, პარაგვაისა და ურუგვაის პრეზიდენტები, მსოფლიოს 2030 წლის მასპინძლობაზე ერთობლივი განაცხადის წარმოდგენას აპირებენ. ამის შესახებ არგენტინის პრეზიდენტის მაურისიო მაკრის პრესსამსახური იუწყება.

"არგენტინის, ჩილეს, პარაგვაისა და ურუგვაის პრეზიდენტებმა გადაწყვიტეს, ფეხბურთში მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის ორგანიზაციაზე ერთობლივი კანდიდატურა წარმოადგინონ. ოთხი შესაბამისი ასოციაციის პრეზიდენტებმა გადაწყვიტეს, მსოფლიოს ჩემპიონატების 100 წლის იუბილეს აღნიშვნასთან დაკავშირებით, ფიფას საერთო პოზიცია შესთავაზონ".

მუნდიალის მასპინძლობასთან დაკავშირებით, ოთხი სამხრეთამერიკული სახელმწიფოს საერთო ინტერესს თავის ტვიტერზე ადასტურებს ჩილეს პრეზიდენტი სებასტიან პინიერაც:

"რამდენიმე თვის წინ არგენტინის, ურუგვაისა და პარაგვაის პრეზიდენტებს შევთავაზე, 2030 წლის მუნდიალის ერთობლივად მასპინძლობის განაცხადში ჩილეც ჩართულიყო. წინადადებაზე პასუხი დადებითი იყო".

1930 წლის მუდიალის ფინალში ურუგვაიმ არგენტინას ანგარიშით 4:2 მოუგო

ფიფას პირველ მსოფლიოს ჩემპიონატს ფეხბურთში, 1930 წელს ურუგვაიმ უმასპინძლა. ამ ქვეყნის სპორტის მინისტრმა ფერნანდო კასარესმა ჯერ კიდევ შარშან გამოაცხადა, რომ ურუგვაის მსოფლიოს ჩემპიონატების 100 წლის იუბილის აღნიშვნა, 2030 წლის მუნდიალის ორგანიზებით სურს. 

საიუბილეო მუნდიალის მასპინძლობაზე სამხრეთამერიკელებს კონკურენტები შესაძლოა ევროპიდან ჰყავდეთ. შარშან გაჩნდა ინფორმაცია, რომ მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის ერთობლივად მასპინძლობაზე განაცხადის მომზადებას აპირებენ: ესპანეთი, პორტუგალია და მაროკო. ასევე - დიდი ბრიტანეთი და ირლანდია, და კიდევ - სერბეთი, ბულგარეთი, რუმინეთი და საბერძნეთი. 

ფეხბურთში მსოფლიოს მომავალი, 2022 წლის ჩემპიონატი ყატარში გაიმართება. 2026 წლის მუნდიალს კი, რომელიც ახალი ფორმატით, 48 მონაწილე ნაკრებით ჩატარდება, აშშ, მექსიკა და კანადა ერთობლივად უმასპინძლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები