Thumbnail

მმართველობის სტანდარტები საქართველოს სპორტულ ფედერაციებში - კვლევის შედეგები

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • კარგი მმართველობის პრინციპებზე კვლევა 5 სპორტულ ფედერაციაში ჩატარდა
  • „საქართველოს სტრატეგიული კვლევის ცენტრის“ დასკვნა
  • კვლევის შედეგები მოწვეულმა ექსპერტმა, ანატოლი კორეპანოვმა წარმოადგინა

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის, ევროპის საბჭოს და „დანიის სპორტულ სწავლებათა ინსტიტუტის“ მხარდაჭერით, „საქართველოს სტრატეგიული კვლევის ცენტრმა“ კარგი მმართველობის პრინციპებთან მიმართებაში ხუთ სპორტულ ფედერაციაში კვლევა განახორციელა.

კვლევის შედეგები პრეზენტაციის ფორმით „საქართველოს სტრატეგიული კვლევის ცენტრის“ მოწვეულმა ექსპერტმა, ანატოლი კორეპანოვმა წარმოადგინა, რომელმაც კვლევის მეთოდოლოგიასა და კარგი მმართველობის პრინციპებზე ისაუბრა.

"სპორტულ ფედერაციებში ჩატარებული კვლევა არსებული პრობლემების მიზეზების გამოვლენასა და შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრაში დაგვეხმარება" - ანატოლი კორეპანოვი

„კარგი მმართველობა სპორტში ეს არის პროცესი, რომლის განხორციელება უზრუნველყოფს ორგანიზაციის ეფექტიანობისა და შესაძლებლობების ზრდას. სპორტულ ფედერაციებში ჩატარებული კვლევა კი დაგვეხმარება არსებული პრობლემების გამოწვევის მიზეზების გამოვლენაში და შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრაში“, - აღნიშნა პრეზენტატორმა.

ანატოლი კორეპანოვმა კომიტეტის წევრებს მძლეოსნობის, ფეხბურთის, ხელბურთის, ჩოგბურთისა და საწყლოსნო სპორტის სახეობათა განვითარებაზე პასუხისმგებელი ეროვნული სპორტული ფედერაციების მიერ კარგი მმართველობის პრინციპების გამოყენების კვლევები გააცნო.

📌 მომხსენებელმა ფედერაციების საქმიანობა 46 პრინციპის გამოყენებით შეაფასა, რომელთა შედეგები ოთხი განზომილებით - გამჭვირვალობა, დემოკრატია, შიდა ანგარიშვალდებულება და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობით განისაზღვრა. 

📌 როგორც პრეზენტაციის ავტორმა აღნიშნა, ჩატარებული კვლევების და ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ ხუთ ფედერაციაში კარგი მმართველობის პრინციპები 21%-ით შესრულდა, რაც მისივე განცხადებით, სუსტ შედეგად ფასდება. 

ანატოლი კორეპანოვმა თითოეულ განზომილებაში მოყვანილ პრინციპებთან დეტალურად ისაუბრა და ის ნაკლოვანებები და პრობლემები გამოყო, რომელთა შეუსრულებლობამ აღნიშნული შედეგები განაპირობა. მომხსენებელმა სპორტის ანალოგიურ სახეობებში მსოფლიოს 9 სხვადასხვა ქვეყნის მონაცემებიც მოიყვანა და მათი კვლევის შედეგებთან პარალელი გაავლო.

ფოტოები: parliament.ge

გამოსვლის დასასრულს, მომხსენებელმა კვლევის შედეგებიდან გამომდინარე მომზადებული დასკვნები და რეკომენდაციები წარმოადგინა და მათი შესრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

კვლევის შედეგების პრეზენტაციის შესახებ, კომიტეტის სხდომაზე, დეპუტატებმა და სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებმა წარმოდგენილი ინფორმაცია შეაფასეს და ქვეყანაში სპორტის განვითარების მიზნით, კარგი მმართველობის პრინციპების და რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება. კომიტეტის თავმჯდომარემ კვლევის მომზადების მხარდაჭერისთვის დონორ ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა და კვლევაში მოყვანილ ფაქტებზე ისაუბრა.

"სამომავლოდ, თუ შევჯერდებით, ანალოგიური კვლევები სპორტის სხვა ფედერაციებშიც ჩატარდება" - მიხეილ ყაველაშვილი

„თუ შევჯერდებით წარმოდგენილ შეფასებებზე და რეკომენდაციებზე და ვალდებულებად გავხდით, რომ ყველა ფედერაციამ გაითვალისწინოს ეს კვლევები, მაშინ სამინისტროსთან ერთად მოვძებნით მექანიზმს, რომ გარდა შიდა რეგულაციებისა, იმ დაფინანსებით, რასაც სახელმწიფო ფედერაციებისთვის გამოყოფს, აღნიშნული ინდიკატორები და პრინციპები ფედერაციებისთვის, პროგრამული სახით, ვალდებულება გავხადოთ. ყველა ვთანხმდებით, რომ გამჭვირვალე ფედერაცია მეტ ნდობას იმსახურებს, ეს აისახება როგორც სახელმწიფოს მხრიდან მიდგომებზე, ასევე კერძო ინვესტიციების მოზიდვაში. სამომავლოდ, თუ ჩვენ შევჯერდებით, ანალოგიური კვლევები სპორტის სხვა ფედერაციებშიც ჩატარდება, რათა არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით ქმედითი და ეფექტური ღონისძიებები გატარდეს“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა.

ფოტოები: parliament.ge

კვლევის შედეგების პრეზენტაციას სპორტული ფედერაციების და აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ.

🔗 NSCO-ს კვლევის „საქართველო - კარგი მმართველობა ეროვნულ სპორტულ ფედერაციებში“ პრეზენტაცია

🔗 NSCO-ს კვლევის „საქართველო - კარგი მმართველობა ეროვნულ სპორტულ ფედერაციებში“ ანგარიში

კომენტარები

ბოლო ამბები