Thumbnail
  • 📅 15 თებერვალი | ⌚ 23:30 | ⚽ აუგსბურგი V ბაიერნი
  • გერმანიის ჩემპიონატის 22-ე ტური ბაიერნის მატჩით იწყება
  • აუგსბურგმა პირველ წრეში მიუნხენიდან ქულა წაიღო

ბაიერნსაც იგივე მოუვა, რაც წინა ტურში დორტმუნდის ბორუსიას დაემართა? ერთი კვირის წინ, ტოტენჰემთან ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩის მოლოდინში, გერმანიის ჩემპიონატის ლიდერმა ბორუსიამ ჰოფენჰაიმთან ორი ქულა დაკარგა (2:2). ახლა კი, იდენტურ სიტუაციაში ბაიერნია, რომელიც სამშაბათს ლივერპულს უნდა შეხვდეს, მანამდე კი, ბუნდესლიგის 22-ე ტურს პარასკევს, აუგსბურგთან დუელით იწყებს.

მიუნხენურ გრანდში ამბობენ, რომ ლივერპულზე მხოლოდ აუგსბურგთან მატჩის შემდეგ იფიქრებენ, რაც არცისე ადვილი დასაჯერებელია. ასეა თუ ისე, ბაიერნის მიზანი ის არის, რომ აუგსბურგი დაამარცხოს და დორტმუნდი ამით წნეხის ქვეშ მოაქციოს. 22-ე ტურის წინ რეკორდმაისტერი BVB-ს 5 ქულით ჩამორჩება.

საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ მიუნხენელთა მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა სწორედ ლივერპულთან უმნიშვნელოვანესი მატჩის გამო, აუგსბურგთან რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დაასვენოს.

ბავარიულ-შვაბური დერბი: იოზუა კიმიხი (ბაიერნი) და ფილიპ მაქსი (აუგსბურგი)

აღსანიშნავია, რომ პირველ წრეში ბაიერნის კრიზისი სწორედ აუგსბურგთან მატჩით დაიწყო - ბავარიელებმა ერთ-ერთ აუტსაიდერს საკუთარ მოედანზე ვერ მოუგეს (1:1).

საინტერესო ფაქტები

⚽ აუგსბურგისა და ბაიერნის მატჩი არათანაბარი დუელია. მასპინძლები გადარჩენისთვის იბრძვიან და გასავარდნ ზონას მხოლოდ 3 ქულა აშორებთ, ბაიერნი კი მეორე ადგილზეა და წინა ტურში ლიდერ დორტმუნდთან ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა.

⚽ ბაიერნი ამ თამაშში უპირობო ფავორიტია, თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ რეკორდმაისტერს სამშაბათს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი მატჩი ელის - ჩემპიონთა ლიგის პირველი დუელი ლივერპულთან (ენფილდზე).

⚽ 10-მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ (3 ფრე, 7 მარცხი), აუგსბურგმა ამ თვეში გამარჯვების გემო გაიხსენა - ბუნდესლიგაშიც მოიგო და თასზეც. თუმცა, აუგსბურგელთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა - წინა ტურში გუნდი ვერდერთან 0:4 განადგურდა.

⚽ მიუხედავად იმისა, რომ აუგსბურგს ამ სეზონში საკუთარ მოედანზე ჩატარებულ მატჩებში გოლი ყოველთვის გაჰქონდა, 10 საშინაო თამაშიდან მხოლოდ მხოლოდ 2 მოიგო (2 მოგება, 4 ფრე, 4 მარცხი).

⚽ პირველ წრეში აუგსბურგმა, ყველასათვის მოულოდნელად, მიუნხენში ფრეს (1:1) მიაღწია. იმ თამაშში ანგარიში არიენ რობენმა (48-ე წუთზე) გახსნა და ფელიქს გიოტცემ გაათანაბრა (87’)

⚽ ბაიერნს ბუნდესლიგაში ჩატარებული ბოლო 9 მატჩიდან 8 მოგებული აქვს (1 წაგებული ლევერკუზენთან). თუმცა რეკორდმაისტერს ბოლო დროს დაცვაში პრობლემები აქვს - 2019 წელს მიუნხენურმა გრანდმა 5 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და კარი მშრალად ვერცერთ შეხვედრაში ვერ შეინახა.

⚽ სტუმრად ჩატარებული მატჩების მიხედვით, ბაიერნი ბუნდესლიგაში საუკეთესო გუნდია (8 მოგება, 3 წაგება) და გასვლით თამაშებში ყველაზე მეტი, 25 გოლი აქვს გატანილი.

⚽ ბაიერნი აუგსბურგს ბუნდესლიგაში სულ 15-ჯერ შეხვდა და მხოლოდ ორჯერ წააგო (12 მოგება, 1 ფრე, 2 მარცხი), თუმცა იმ ორივე შემთხვევაში რეკორდმაისტერს გერმანიის ჩემპიონობა უკვე განაღდებული ჰქონდა.

⚽ ბაიერნის ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკის თავის ბუნდესლიგურ კარიერაში, აუგსბურგის წინააღმდეგ ჩატარებულ 13 მატჩში 18 გოლი აქვს გატანილი.

⚽ აუგსბურგის ფორვარდმა ალფრედ ფინბოგასონმა 3 თებერვალს, მაინცთან მოგებულ მატჩში (3:0) ჰეთთრიკი შეასრულა და ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 10 გოლი აქვს გატანილი.

⚽ აუგსბურგს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში სულ 11 წაგება აქვს და აქედან 8 მატჩში 1-ბურთიანი სხვაობით დამარცხდა.

⚽ ბუნდესლიგაში განცდილი 4 მარცხიდან, ბაიერნმა 2 თამაშში პირველი ტაიმი მოიგო.

სავარაუდო შემადგენლობები

აუგსბურგი (3-4-1-2): კობელი - ოქსფორდი, დანსო, სტაფილიდისი - შმიდი, რ. ხედირა, ფ. გიოტცე, მაქსი - ჟი - გრეგორიჩი, კორდოვა.

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - კიმიხი, ზიულე, ჰუმელსი, ალაბა - ტიაგო ალკანტარა, გორეტცკა - გნაბრი, ხამეს როდრიგესი, კომანი - ლევანდოვსკი.

კომენტარები

ბოლო ამბები