Thumbnail
  • ესპანეთის ნაკრებისა და რეალის ყოფილმა თავკაცისთვის 2018 წელი კოშმარული გამოვიდა
  • 52 წლის სპეციალისტმა "ფურია როხასთან" განშორებასა და რეალში მუშაობაზე ისაუბრა

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე ორი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხულიენ ლოპეტეგი მუნდიალის დასრულების შემდეგ მადრიდის რეალს ჩაიბარებდა. თუმცა, ყველაფერი ამაზე უფრო სწრაფად მოხდა - ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა ლუის რუბიალესმა ლოპეტეგი მეორე დღესვე თანამდებობიდან გაუშვა და ეროვნული გუნდი ფერნანდო იეროს ჩააბარა.

"ფურია როხამ" მუნდიალზე გამოსვლა ⅛-ფინალში დაასრულა - ტურნირის მასპინძელ რუსეთთან პენალტების სერიაში მარცხით. ხულიენს კი საქმე არც მადრიდში აეწყო. "სამეფო კლუბი" და 52 წლის სპეციალისტი ერთმანეთს უკვე ოქტომბრის ბოლოს, ბარსელონასთან ანგარიშით 1:5 განადგურების შემდეგ დაემშვიდობნენ.

ხულიელ ლოპეტეგიმ ესპანეთის ნაკრები ევრო 2016-ის შემდეგ ჩაიბარა

"ეს ჩემთვის იოლი არ იყო. ორი წლის განმავლობაში მუხლჩაუხრელად ვშრომობდით და ვგრძნობდით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე დიდებულად გამოსვლა შეგვეძლო, - იხსენებს დღეს ლოპეტეგი ВВС-სთან ინტერიუში. - მანამდე ორი თვით ადრე ნაკრებთან კონტრაქტი გავახანგრძლივე, რომელშიც პირგასამტეხლო პუნქტიც გავითვალისწინეთ. ეს რუბიალესის იდეა იყო, რასაც უპრობლემოდ დავთანხმდი. მხოლოდ შემდეგ გაჩნდა წინადადება რეალისგან. დრო არც მე შემირჩევია და არც რეალს - დავთანხმდი, მაგრამ ვიცოდი, რომ სრულებით პასუხისმგებელი ვიყავი მსოფლიოს ჩემპიონატზე. შეუძლებელიც იყო და უნამუსობაც იქნებოდა, მთელი თვის განმავლობაში ამ შეთანხმების საიდუმლოდ შენახვა".

ამის საიდუმლოდ მთელი თვის განმავლობაში შენახვა შეუძლებელიც იყო და უნამუსობაც იქნებოდა

მაშინ ლოპეტეგიმ პრესკონფერენცია ჩაატარა, რადგან არ სურდა, ყველაფერი გასაიდუმლოებული ყოფილიყო.

"დარწმუნებული ვიყავით, რომ საუკეთესო გამოსავალი პრესკონფერენციის გამართვა იქნებოდა, სადაც ყველაფერზე ღიად ვისაუბრებდით, შემდეგ კი ამოვწურავდით საკითხს და კონცენტრაციას მსოფლიოს ჩემპიონატზე მოვახდენდით. ბრწყინვალე ფეხბურთელები გვყავდა. მას შემდეგ, რაც მათ ამბავი ვამცნე, სამკვირიანი მზადების პერიოდში საუკეთესო ვარჯიში ჩავატარეთ. თავს ბედნიერად ვგრძნობდით, მაგრამ პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილება მიიღო".

რუბიალესი, ლოპეტეგი და იერო ხელშეკრულებას გაფორმების დროს

რუსეთიდან ესპანეთში დაბრუნების შემდგომი პერიოდი, სადაც ლოპეტეგი სათავეში რეალს ჩაუდგა, მწვრთნელის ცხოვრებაში ყველაზე რთული აღმოჩნდა.

"ეს ძალიან მძიმე და მოულოდნელი მომენტი იყო, რომელიც არასდროს დამავიწყდება. ვგრძნობდი, რომ ეს ყველაფერი უსამართლობა იყო. მოსკოვიდან მადრიდში ხუთსაათიანი ფრენის განმავლობაში სიტყვაც კი არ დამიძრავს, მაგრამ ასეთია ცხოვრება. ეს ძალიან სამწუხარო გამოცდილებაა, მაგრამ მისგან დადებითი მომენტების გამოტანაა საჭირო. 

მსოფლიოს ჩემპიონატი - ეს იყო ოცნება, რომლისთვისაც თავდაუზოგავად ვმუშაობდი

არ მეძინა და ვერ ვხვდებოდი, სად ვიმყოფებოდი. ჯერ რუსეთში ვიყავი და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ვემზადებოდი და უცებ "სანტიაგო ბერნაბეუზე", ახალ გუნდში აღმოვჩნდი. ყველაფერი ისე ძალიან სწრაფად მოხდა, რომ გააზრება ჭირდა და ძლიერი იყო ემოციებიც. მსოფლიოს ჩემპიონატი - ეს იყო ოცნება, რომლისთვისაც თავდაუზოგავად ვმუშაობდი".

ხულიენმა რეალთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ხუთ თვეში დაშორდა

არასდროს ვიტყვი ცუდს რეალზე. მეგონა, იქ მეტი დრო მექნებოდა, მაგრამ ახლა წინ უნდა ვიყურო

ხულიენ ლოპეტეგი მადრიდის რეალში წარუმატებლობის მიზეზებსა და კლუბისადმი თავის დამოკიდებულებაზე საუბრობს:

"რეალში დასაწყისი კარგი გამოვიდა, გუნდი კარგად თამაშობდა, მაგრამ შემდეგ სამი ძალიან ცუდი კვირა გადაება. დარწმუნებული ვიყავით, რომ ეს ჩავარდნა დროებითი იყო და გამოსვალს მოვძებნიდით. მაგრამ არ მქონდა დრო.

დიდ პატივს ვცემ ახალ მთავარ მწვრთნელს (სანტიაგო სოლარი) და მის ახალ პერსონალს. ასევე ფეხბურთელებს, რომლებიც მიყვარს. მათ ჩემთან ფანტასტიკური ურთიერთობა ჰქონდათ. არასდროს ვიტყვი ცუდს რეალზე. საკლუბო სამუშაო ნებისმიერი მწვრთნელისთვის უდიდესი გამოცდილებაა. მეგონა, იქ მეტი დრო მექნებოდა, მაგრამ ახლა წინ უნდა ვიყურო".

ლოპეტეგის რეალს კლასიკოში სამი გოლი ლუის სუარესმა გაუტანა

კომენტარები

ბოლო ამბები