Thumbnail
  • ფაბიო პარატიჩი პაულო დიბალაზე დისკუსია გამოეხმაურა
  • იუვეს დირექტორს მიაჩნია, რომ არგენტინელზე უკეთესი მხოლოდ სხვა არგენტინელია
  • კრიშტიანო რონალდოს ტურინში ხამეს როდრიგესი სურს

ორი კვირაა, რაც ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, მითქმა-მოთქმა კი გრძელდება. ბოლო დღეებში თითქმის ყველა წამყვანმა სპორტულმა გამოცემამ დაწერა, რომ დიდი შანსია, ზაფხულში ტურინის იუვენტუსმა პაულო დიბალა დაკარგოს.

25 წლის არგენტინელის გადაბირებაზე მადრიდის რეალი, მანჩესტერ იუნაიტედი და მიუნხენის ბაიერნი ოცნებობენ. მათ შორის ყველაზე მეტად მონდომებული რეალია. გერმანული მედიის ცნობით, საკმაოდ კარგი შანსი აქვს ბაიერნსაც, რადგან კრიშტიანო რონალდოს იუვეში ხამეს როდრიგესი სურს, ეს უკანასკნელი კი ბაიერნის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. “შპორტ ბილდი” წერდა, რომ ბავარიული გრანდი იუვეს კოლუმბიელისა და არგენტინელის გაცვლას შესთავაზებს - რა თქმა უნდა, ფულის დამატებით.

იუვეს სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი

დიბალას შესახებ ატეხილ დისკუსიას იუვენტუსის სპორტული დირექტორი, ფაბიო პარატიჩი გამოეხმაურა. “დიბალა დარჩება იქ, სადაც ახლა თამაშობს!” - განაცხადა 46 წლის პარატიჩიმ “გაძეტა დელო სპორტთან” ინტერვიუში. მისი თქმით, დიბალაზე უკეთესი ფეხბურთელის პოვნა შეუძლებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ იუვენტუსი არგენტინელს არ დათმობს.

“ვინ უნდა მოვიყვანოთ იუვენტუსში, თუკი დიბალას გავუშვებთ? მასზე უკეთესი ფეხბურთელი, ჩემი აზრით, მხოლოდ ლიონელ მესია. ეჭვი მაქვს, რომ პაულოს თვით ნეიმარიც კი ვერ ჯობია. იუვენტუსი მხოლოდ ისეთ მოთამაშეებს გაუშვებს, რომლებსაც წასვლა სურთ,” - დასძინა ტურინული გრანდის სპორტულმა დირექტორმა და განმარტა, რომ პაულო დიბალას იუვედან წასვლა არ სურს.

არგენტინელის გარშემო სპეკულაციების ახალი ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც კვირას, სასუოლოსთან მოგებულ (3:0) მატჩში, მასიმილიანო ალეგრიმ ის თამაშში მხოლოდ 83-ე წუთზე ჩართო. საფინალო სასტვენის შემდეგ, არგენტინელი აშკარად უკმაყოფილო ჩანდა და გასახდელისკენ უსიტყვოდ წავიდა.

“პაულომ ამისთვის უკვე ბოდიში მოიხადა და თემაც დახურულია. ოღონდ, ის გუნდის ვიცე-კაპიტანია და არ ვიცი, რამდენად იმსახურებს ამას ასეთი საქციელის შემდეგ,” - ეს ალეგრის სიტყვებია. სწორედ ამ ამბის შემდეგ იტყობინებოდა Rai Sport, რომ იუვენტუსი მზადაა, დიბალა 100 მილიონ ევროდ გაყიდოს.

პაულო დიბალას სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში მხოლოდ 2 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს 

ცნობილია, რომ რონალდოს ურჩევნია, მის გვერდით იუვენტუსში ხამეს როდრიგესი თამაშობდეს, რომელიც რეალის საკუთრებაა, მაგრამ ბაიერნს ზაფხულში მისი გამოსყიდვა 42 მილიონ ევროდ შეუძლია, რასაც მიუნხენელები ალბათ გააკეთებენ კიდეც, რადგან კოლუმბიელისთვის ეს დაბალი ფასია. ცხადია ისიც, რომ იუვეს შეფებს დიბალას დათმობა არ სურთ - არადა, ხამესის შესაძლო ტრანსფერი სწორედ ამის წინაპირობა უნდა გახდეს.

“ხამეს როდრიგესი შესანიშნავი მოთამაშეა, მაგრამ მისი გადმობირება ადვილი საქმე არ არის, რადგან იუვენტუსი მის გარეშეც ძალიან კარგადაა დაკომპლექტებული,” - აცხადებს პარატიჩი.

რონალდო და ხამეს როდრიგესი მეგობრები არიან

თებერვლის დასაწყისში, ხამეს როდრიგესის მამამ, ვილსონ როდრიგესმა “შპორტ ბილდთან” ინტერვიუში შვილს სწორედ იუვენტუსში გადასვლა ურჩია: “იტალიურ ფეხბურთში დიდი ამბებია, იუვენტუსმა უდიდესი პროგრესი განიცადა და ხამესს სწორედ ტურინში გადასვლას ვურჩევდი,” - აღნიშნა უფროსმა როდრიგესმა. 

ფაქტია, ხამესი და დიბალა ერთსა და იმავე პოზიციაზე თამაშობენ. იუვენტუსში მათი ერთად ყოფნა ფაქტობრივად გამორიცხულია. ტურინული კლუბის ბოსებს არგენტინელი არ ეთმობათ, რონალდოს კოლუმბიელი სურს - ვნახოთ, რა მოხდება ზაფხულში.

კომენტარები

ბოლო ამბები