Thumbnail

საქართველოს ნაკრები სერბი და იტალიელი წყალბურთელებით გაძლიერდა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • თბილისის დინამოს წყალბურთელთა გუნდში სამი ახალი მოთამაშეა
  • ბორის ვაპენსკიმ და ფაბიო ბარალდიმ საქართველოს მოქალაქეობა მიიღეს

თბილისის დინამოს წყალბურთელთა კლუბი სამი ახალი მოთამაშით გაძლიერდა. როგორც კლუბის დამფუძნებელი, გიორგი ხვედელიანი იუწყება, გუნდს ფაბიო ბარალდი (იტალია), ბორის ვაპენსკი (სერბეთი) და ირაკლი რაზმაძე შეუერთდნენ. 

ირაკლი რაზმაძე მონტენეგროს კლუბ ბუდვაში თამაშობდა და ევროპის ერთ-ერთ წამყვან გუნდში დიდი გამოცდილება მიიღო. საინტერესო მოთამაშეა ბორის ვაპენსკი, რომელიც 2005-2014 წლებში ვოივოდინაში თამაშობდა, შემდეგ ცრვენა ზვეზდაში მოსინჯა ძალები, 2019 წელს კი თბილისის დინამოში იასპარეზებს. ფაბიო ბარალდიმ რამდენიმე გუნდი გამოიცვალა, მათ შორის ვალესკრივია, პოზილიპო და კანოტიერი ნაპოლი, ამიერიდან კი ისიც დინამოს ღირსებას დაიცავს.

რაც მთავარია, სერბმა და იტალიელმა წყალბურთელებმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღეს და ეროვნული ნაკრების რიგებში აპირებენ თამაშს. მათი მიზანი საქართველოს ნაკრებთან ერთად 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრაა. ერთი სიტყვით, თბილისის დინამოს სამი ახლი მოთამაშე ჰყავს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კი პერსპექტივაში ორი ახალი მოთამაშე მიიღო. ბოლოს, ბარალდის და კაპენსკის კომენტარებს გავეცნოთ…

ბორის ვაპენსკი

"ქართულ წყალბურთზე ბევრი კარგი მსმენია. ვიცოდი, რომ საქართველოს ნაკრებში რამდენიმე ნატურალიზებული წყალბურთელი თამაშობს. რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონატს, ვიცი რომ აღმავლობის გზაზეა. დინამოს გამოჩენამ მეტი ასპარეზი მისცა ფედერაციას, სპორტის სამინისტროს კი სტიმული, რომ განავითაროს შიდა ჩემპიონატი. უნდა გავხდეთ საქართველოს ჩემპიონები, მოვიპოვოთ ევროპის ჩემპიონთა ლიგის საგზური და შევიდეთ ევროპის 16 საუკეთესო კლუბში.

საქართველოს ნაკრებს სამჯერ აქვს ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა მიღებული. შედეგი უნდა გავაუმჯობესოთ და ოლიმპიადის შესარჩევ ეტაპზე მოვხვდეთ, შემდეგ კი ვნახოთ, რა იქნება. წინასწარ რთულია დაპირების გაცემა", - განაცხადა ბორის ვაპენსკიმ.

ფაბიო ბარალდი

"საქართველოს მოქალაქეობის მიღება შემომთავაზეს. მოვისმინე განვითარების პროგრამა და მიზანი: 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე მოხვედრა. ამ ყველაფერის შემდეგ, დადებითი გადაწყვეტილება მივიღე, ვხედავ დიდ პოტენციალს და ბევრი გვაქვს სამუშაო.

დინამოსთან ერთად საქართველოს ჩემპიონობა და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში მინდა. რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, კარგი იქნება, თუ ევროპის ჩემპიონატზე იმ ადგილს დავიკავებთ, რომელიც ოლიმპიადის საგზურს მოგვიტანს", - ეს უკვე ფაბიო ბარალდის სიტყვებია.

კომენტარები

ბოლო ამბები