Thumbnail

დენის ბერგკამპი და ფრენის შიში - რეისი 764

⚽ მასალა თავდაპირველად გამოქვეყნდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ჟურნალში ფეხბურთი - გამოდის კვარტალში ერთხელ და აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე საფეხბურთო პროცესებს

 'მგონი რაღაც ცუდი, 1994 წლის მუნდიალის დროს მოხდა... ეს ყველაფერი ცოტა მისტიკურად ჟღერს, მაგრამ მას არ უყვარს ამაზე ლაპარაკი. დენისმა გადაწყვიტა, რომ აღარ იფრინოს და ჩვენ, მთელი გუნდი ვაფასებთ მის აზრს.' - ლი დიქსონი, არსენალი, 1996 წელი.

‘მგონი რაღაც ცუდი’ ეს 1994 წლის ამერიკის მსოფლიო ჩემპიონატს უკავშირდება, როდესაც ამსტერდამის მიმავალი ჰოლანდიის ნაკრების თვითმფრინავის ძრავი, ჰაერში რამდენიმე წამით გამოირთო. გუნდთან ერთად მყოფმა დენის ბერგკამპმა განცდილი შიშის შემდეგ თვითმფრინავით მგზავრობაზე საბოლოოდ უარი თქვა, რამაც ჩარჩოში მოაქცია მოედანზე მფრინავი ჰოლანდიელის კარიერა.

რეალურად ყველაფერი 1989 წელს აიაქსით დაიწყო, როდესაც დილით სავარჯიშოდ წასულმა ახალგაზრდა ფლანდრიელმა, შემზარავი ამბავი შეიტყო - სურინამში პარამარიბო-ამსტერდამის რეისმა ნომრით 764 ავიაკატასტროფა განიცადა...

ბორტზე სურინამში ამხანაგურად მოასპარეზე ჰოლანდიის ჩემპიონატის ახალგაზრდა მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდი - „Colourful 11“ იმყოფებოდა. 176 დაღუპილი მგზავრიდან, 15-ი Colourful 11-ის ფეხბურთელი იყო, მათ შორის რამდენიმე ბერგკამპის თანაგუნდელი აიაქსში. 

ამ ამბავმა მის ცნობიერებაში წარუშლელი კვალი დატოვა. სხვათაშორის Colourful 11-თან ერთად სურინამში კლუბებმა არ გაუშვეს - ფრენკ რაიკაარდი, რუდ გულიტი, არონ ვინტერი, ბრაიან როი, სტენლი მენცო და რეჯი ბლინკერი, შემდეგში ცნობილი ფეხბურთელები.

პროცესი უფრო ღრმად იტალიაში განვითარდა, როდესაც ბერგკამპი მილანის ინტერში თამაშობდა (1993-95). 'იტალიაში შიდა თამაშებზე პატარა თვითმფრინავებით ვმგზავრობდით, რომლებიც მუდამ ღრუბლებში არიან და მუდამ ირწევიან, ხან ზევით, ხან ქვევით. ფანჯრიდან თეთრი-რუხი ფერის გარდა არაფერი ჩანდა, ადგილიც არ იყო, რომ სადმე გასულიყავი. ამ პატარა თვითმფრინავებმა კლაუსტროფობია განმივითარა, რამაც შემდგომ ჩემ გადაწყვეტილებაზე ძალიან იმოქმედა.' - იხსენებდა არსენალის ყოფილი ათიანი.

ბერგკამპის გადაწყვეტილებამ დიდი გავლენა იქონია მის კარიერაზე, ის თითქმის ვერ თამაშობდა გასვლით კონტინენტურ მატჩებს, ვერც არსენალთან და ვერც ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად. მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, კონტრაქტზე და ხელფასზეც ისახებოდა, როდესაც კლუბთან მოლაპარაკებას მართავდა, მუდამ გათვალისწინებული იყო ის ფაქტორი, რომ იგი კონტინენტურ გასვლით მატჩებში ვერ მიიღებდა მონაწილეობას. თუმცა იყო ცალკეული შემთხვევები, როდესაც ახერხებდა ჰოლანდიაში, საფრანგეთში და ინგლისთან ახლოს მდებარე ქვეყნებში ევრომატჩების თამაშს.

📸 8by8mag

დენის ბერგკამპი მარტო არ არის, მსგავსი პრობლემა ბევრ ფეხბურთელს აწუხებდა და  დღესაც აწუხებს - 1958 წლის მიუნხენის ავიაკატასტროფაში გადარჩენილ ბობი ჩარლტონს, 60-იანების მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდს ჯიმი გრივსს, მის თანაგუნდელს არსენალში - პოლ მერსონს და ა.შ. მაგრამ ასეთ დონეზე, ასე რადიკალურად ბერგკამპივით ჯერ არავინ მოქცეულა.

მიუხედავად ასეთი ფსიქოლოგიური დაბრკოლებისა, ბერგკამპმა 20 წელი ითამაშა ფეხბურთი - ჩაატარა 741 მატჩი, გაიტანა 272 გოლი და დღეს ბრიტანეთის დედაქალაქში მისი ბრინჯაოს ძეგლი დგას.

პირველი შეხების ოსტატმა კარიერა 2006 წელს, არსენალის უკვე ახალ სახლში - ემირატ სტედიუმზე დაასრულა და ოჯახთან ერთად ამსტერდამში დაბრუნდა. 2011 წლიდან მშობლიურ აიაქსში მუშაობს და ახალგაზრდა მოთამაშეებს პირველ გუნდთან ადაპტირებაში ეხმარება.

კომენტარები

ბოლო ამბები