Thumbnail

იტალიური ფეხბურთის ახალი იმედი - ტოტისთან შედარება უხერხული არ არის!

გოტფრიდ ლენცი პროფილის ფოტო
გოტფრიდ ლენცი
  • 2017 წლის ზაფხულში ფრანჩესკო ტოტი ფეხბურთიდან წავიდა
  • მას მერე რომას ფანების გულებში სიცარიელეა
  • ბოლო დროს მათ ახალი იმედი გამოუჩნდათ
  • ნიკოლო ძანიოლომ პორტუსთან მატჩში დაამტკიცა, რომ ყურადღებასთან ერთად, სიყვარულსაც იმსახურებს

შარშან, რომამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშა და ეს “ჯალოროსისთვის” უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ მაქსიმუმი. ზაფხულში რომაული კლუბი ორმა უმნიშვნელოვანესმა ფეხბურთელმა დატოვა - ალისონი ლივერპულში გადავიდა, რაჯა ნაინგოლანი კი - ინტერში. მათი დაკარგვის შემდეგ, “ჯალოროსი” იძულებული გახდა, ყველაფერი თუ არა, ბევრი რამ მაინც დაეწყო თავიდან.

გუნდს მონჩის სახით ჰყავს შეფი (ადრე სევილიაში იყო), რომელსაც რამდენიმე წელია, ყველგან აქებენ - მან იტალიის დედაქალაქში ისეთი ფეხბურთელები ჩაიყვანა, როგორებიც ხავიერ პასტორე (პსჟ-დან), ბრაიან კრისტანტე (ატალანტადან) და ჯასტინ კლუივერტი (აიაქსიდან) არიან. მაგრამ ის, რომ ტრანსფერებში მართლაც კარგი “ყნოსვა აქვს”, მონჩიმ სულ სხვა ფეხბურთელით დაამტკიცა - ყველასათვის უცნობ ნახევარმცველ ნიკოლო ძანიოლოს ვგულისხმობთ, რომელსაც ახლა უკვე ყველა (თუ არა, ძალიან ბევრი მაინც) იცნობს.

ძანიოლო 1999 წლის 2 ივლისს, ტოსკანაში, ფლორენციასთან ახლოს დაიბადა და 2018 წლის 29 ივლისამდე მხოლოდ პატარა სცენებზე ჩნდებოდა - მაგალითად, ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე ფინეთში, სადაც იტალიის U19 ნაკრებმა ფინალი პორტუგალიასთან დამატებით დროში, 3:4 წააგო. სამშაბათს კი, 19 წლის ძანიოლო, რომლის შესახებაც იტალიაში მანამდეც ბევრს ლაპარაკობდნენ, უკვე ძალიან დიდ სცენაზე გამოჩნდა - მან ჩემპიონთა ლიგაში გაიბრწყინა!

ეს მხოლოდ ლაციოს და ინტერის ფანებს არ გაუხარდებათ...

ძანიოლომ პორტუსთან მოგებულ მატჩში (2:1) დუბლი შეასრულა და დაამტკიცა, რომ მასზე, როგორც იტალიური ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავზე საუბარი ლეგიტიმურია. ახლა სწორედ ძანიოლოა მთავარი სიხარული და იმედი რომას ტიფოზებისთვის, რომლებიც მიმდინარე სეზონში ისედაც ცუდ ხასიათზე იყვნენ, იტალიის თასზე ფიორენტინასთან 1:7-ის შემდეგ კი უკვე ძალიან გულგატეხილები არიან.

“ასეთ რამეს ნამდვილად არ მოველოდი,” - თვალები უბრწყინავდა ძანიოლოს “სტადიო ოლიმპიკოზე” მატჩის შემდეგ, როცა Sky Sport Italia-ს კორესპონდენტს ესაუბრებოდა. მის ინტერვიუს ფონად რომას ფანების ხმაშეწყობილი სკანდირება გასდევდა - ტიფოზები სწორედ მის სახელს სკანდირებდნენ. “დაუჯერებელი საღამოა, ვერაფერს ვამბობ. Curva-ს წინ ზეიმი არაჩვეულებრივი შეგრძნებაა, რომელსაც სიტყვებით ვერ აღვწერ. ვფიქრობ, დღეს მართლაც მაგრად ვიბრძოლე და ბედნიერი ვარ, რომ ჩემი გოლებით გუნდს დავეხმარე,” - აღნიშნა ძანიოლომ, რომელიც არა მარტო რომას, არამედ მთლიანად იტალიური ფეხბურთის იმედი გახდა.

პორტუს ფეხბურთელებს მისი შეჩერება უჭირდათ

მისი წარმატებებით მხოლოდ ორი იტალიური კლუბის ფანები თუ დანაღვლიანდებიან - ლაციოსი (გასაგები მიზეზის გამო) და ინტერის, რომლის ბოსებმაც ძანიოლოს სახით, კიდევ ერთი, ვინ დაითვლის, მერამდენე კარგი ფეხბურთელი დაკარგეს უაზროდ.

იტალიაში და განსაკუთრებით სწორედ რომში ენატრებათ ტექნიკური ფეხბურთელი, რომელიც ერთი შეხედვით რთულ რაღაცებს დაუჯერებლად მარტივად გააკეთებს და გოლებს ცივსისხლიანი სიმშვიდით გაიტანს, მერე კი ისე ემოციურად იზეიმებს, რომ ტიფოზებს ყველა მომდევნო მატჩზე დასწრების სურვილს გაუჩენს. 2017 წლის ზაფხულის შემდეგ, როცა რომაელები ფრანჩესკო ტოტის მისტიროდნენ, “ოლიმპიკოზე” ასეთ ფეხბურთელს აღარ უთამაშია. ძანიოლოს აქვს შანსი და იმის მონაცემები, რომ სწორედ ასეთი ფიგურა გახდეს.

ახალი ტოტი? ‘გთხოვთ, მას ნუ შემადარებთ!’

ნიკოლო ძანიოლო, რა თქმა უნდა, ვერ გაექცეოდა იმას, რომ ადრე თუ გვიან, ფრანჩესკო ტოტის შეადარებდნენ. ფიორენტინაში, ვირტუს ენტელასა და მილანის ინტერში აღზრდილ ფეხბურთელს (3 გოლი სერია A-ს 14 თამაშში, 2 გოლი ჩემპიონთა ლიგის 6 თამაში) ტოტისთან შედარება ეუხერხულება. დიდი კაპიტანი (786 ოფიციალური მატჩი, 307 გოლი) მას ტრიბუნიდან აკვირდება ხოლმე. “ვფიქრობ, ტოტის და ჩემი შედარება შეუძლებელია,” - ამბობს ძანიოლო.

თუმცა, რამდენიმე პარალელის გავლება აუცილებელია: ზუსტად ისე, როგორც ახალგაზრდა ტოტი, ფეხბურთს ძანიოლოც უდიდესი სიამოვნებით თამაშობს, ბურთი ელეგანტურად მიაქვს, ძალიან მოტივირებულია და, რაც მთავარია, ყოველთვის ყურადღებას იქცევს.

რომამ ძანიოლო ინტერიდან სულ რაღაც 4,5 მილიონ ევროდ შეიძინა და კონტრაქტი 2023 წლამდე გაუფორმა. იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ნიკოლო უკვე რამდენჯერმე ნახა და ეჭვი არავის ეპარება, რომ “სკუადრა აძურაში” გამოიძახებს. 

“ჯალოროსის” სპორტულ დირექტორ მონჩის მიაჩნია, რომ ეიფორია სახელწოდებით “ახალი ტოტი” არცისე კარგია, როგორც ეს ბევრს ჰგონია. “ჩვენ ყველას გვიხარია მისი პროგრესი, მაგრამ ნიკოლოს ვარსკვლავობამდე ჯერ კიდევ ძალიან გრძელი გზა აქვს გასავლელი და ახლა ყველაზე მეტად სიმშვიდე სჭირდება. ჩვენ კი მის შესახებ უკვე ზედმეტად ბევრს ვლაპარაკობთ. ორი აზრი არ არსებობს, ძანიოლო რომას ძალიან ეხმარება, მაგრამ ის არ არის ერთადერთი, ვინც ამას აკეთებს!” - ამბობს მონჩი.

ახალი ფრანჩესკო ტოტი? რომში ძანიოლოს იმედი აქვთ

ნიკოლოს მამაც ფეხბურთელი იყო. “მისგან ბევრი რამ უნდა ვისწავლო. ის უფრო აგრესიული იყო, მე კი უფრო მშვიდი ვარ. მამაჩემი ბევრ რჩევას მაძლევს,” - აცხადებს იტალიური ფეხბურთის ახალი იმედი.

ძანიოლო იმასაც ამბობს, რომ ძალიან ბევრი რამ უნდა ისწავლოს ისეთი გამოცდილი ფეხბურთელებისგან, როგორებიც მაგალითად დანიელე დე როსი და ედინ ჯეკო არიან. პორტუსთან, სწორედ ამ უკანასკნელმა მისცა მას ორივე საგოლე პასი. წინა დღეს 19 წლის ნიკოლომ ინსტაგრამზე სწორედ ჯეკოსთან ერთად გადაღებული ფოტო ატვირთა. მატჩის შემდეგ, 0:39 საათზე ამ ფოტოს უკვე 47 942 ლაიქი ჰქონდა...

რომა 2:1 პორტო • ძანიოლოს დუბლი სტადიო ოლიმპიკოზე ⚽️⚽️🇮🇹

რომა 2:1 პორტო • ძანიოლოს დუბლი სტადიო ოლიმპიკოზე ⚽️⚽️🇮🇹

Posted by Silk Sport on სამშაბათი, 12 თებერვალი, 2019

P.S. სხვათა შორის: ნიკოლოს ძალიან პოპულარული დედა ჰყავს. ფრანჩესკა კოსტა იტალიაში ინსტაგრამ-ვარსკვლავია - თავისი ფოტოებით ათასობით Like-ს აგროვებს.

View this post on Instagram

...la felicità ❤️💛

A post shared by francescacosta (@frac77) on

კომენტარები

ბოლო ამბები