Thumbnail
  • როგორც ჩანს, მასიმილიანო ალეგრის გუნდის დაცვის ხაზში კრიზისი სრულდება
  • ეს ინფორმაცია იუვენტუსის ფანატებს გაახარებთ, ატლეტიკოს ქომაგებს კი - არა
  • ბონუჩი და ბარძალი სრულფასოვნად ვარჯიშობენ, კიელინი - ინდივიდუალურად

ტურინის იუვენტუსს, რომელსაც წინ ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალში მადრიდის ატლეტიკოსთან ორრაუნდიანი ბრძოლა ელოდება და ტრავმების გამო დაცვის ხაზში სერიოზული პრობლემები შეექმნა, ლეონარდო ბონუჩი დაუბრუნდა და საკმაოდ მაღალი შანსია იმისა, რომ 31 წლის ფეხბურთელი ერთი კვირის შემდეგ ‘ვანდა მეტროპოლიტანოზე’ გასამართ შეხვედრას მწყობრში შეხვდეს. 

Gallery⎮Take a 👀 at the 📸 from yesterday's training session at JTC!

Posted by Juventus on ოთხშაბათი, 13 თებერვალი, 2019

ბონუჩიმ მარჯვენა კოჭი 27 იანვარს, რომის ლაციოსთან შეხვედრაში იტკინა და მოედანი ნაადრევად დატოვა. გამოითქვა ვარაუდი, რომ გამოცდილ ცენტრალურ მცველს უქმობა რამდენიმე კვირით მოუწევდა და შესაბამისად, ვერც ატლეტიკოსთან პირველ მატჩში შეძლებდა გუნდის დახმარებას. მაგრამ როგორც იუვენტუსის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ვარჯიშის ფოტოებიდან ირკვევა, ლეომ ვარჯიში უკვე განაახლა და თავს კარგად გრძნობს.

ბონუჩის დანაკლისი ერთადერთი არაა, რომელიც ტურინელთა მთავარ მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრის აღელვებდა. იუვენტუსის დაცვას ტრავმის გამო ვერც გამოცდილი ჯორჯო კიელინი ეხმარება, ანდრეა ბარძალი კი, ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ‘ბიანკონერის’ სათადარიგოთა სკამზე მხოლოდ სერია A-ს წინა ტურში, სასუოლოსთან გამოჩნდა. 37 წლის ანდრეამ ბოლოს 7 ნოემბერს, მანჩესტერ იუნაიტედთან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში ითამაშა, ისიც - რამდენიმე წუთით.

იუვე დაცვის ხაზი ამ ტრიოსთან ერთად სულ სხვაა

ტურინელთა ბანაკში კვლავაც მხოლოდ ინდივიდუალურად ვარჯიშობენ კიელინი და დუგლას კოშტა. ტურინელთა 34 წლის კაპიტანი წვივის ტრავმას იშუშებს, 28 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი კი - ბარძაყის.

მასიმილიანო ალეგრიმ იტალიელ ჟურნალისტებს მანამდე ახარა, რომ იუვეს BBC (ბონუჩი-ბარძალი-კიელინი) სულ მალე დაუბრუნდება. სპეციალისტის პროგნოზი მართლდება.

ტურინის იუვენტუსი მადრიდის ატლეტიკომდე ჩემპიონატში ივარჯიშებს - 15 თებერვალს, სერია A-ს 24-ე ტურის მატჩში ერთ-ერთ აუტსაიდერ ფროზინონეს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები