Thumbnail

Apex Legends-მა Fortnite-ს რეკორდი დაამხო - 10 მილიონი მოთამაშე სამ დღეში!

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • Respawn-ის 'ბეთლროიალს' საოცნებო პირველი დღეები ჰქონდა
  • თამაშის დეველოპერი გეიმერებს ბევრ კარგ სიახლეს ჰპირდება

ამას ვინ იფიქრებდა? ახალმა 'ბეთლროიალმა' Apex Legends-მა 10 მილიონი მოთამაშე სამ დღეში მოაგროვა და Fortnite-ს რეკორდი გააუმჯობესა. ინფორმაციას თავად Respawn-ის დირექტორი ვინს ზამპელა ავრცელებს.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რომ Apex Legends-ს უკვე ერთი მილიონი თანადროული მოთამაშეც ჰყავდა.

Apex Legends-ის რეკორდი -  10 მილიონი მოთამაშე სამ დღეში!

სიახლე EA-ს საიტზე დადებულ ბლოგპოსტიდან შევიტყვეთ, რომელშიც ვინსმა 'ბეთლროიალის' პირველ დღეებზე ისაუბრა -

'ეს საოცარი მოგზაურობა იყო. ჩვენ ყველაფერს ვამოწმებდით და ვაუმჯობესებდით, ვკამათობდით და ვთანხმდებოდით. შემდეგ იმ წერტილს მივაღწიეთ, სადაც ვიგრძენით, რომ საქმე ჯადოქრობასთან გვქონდა. ვიცოდით, რომ ფრანჩაიზის ამ მიმართულებით წაყვანა სარისკო იყო. ისიც ვიცოდით, რომ მოულოდნელი გამოქვეყნებაც რისკთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ჩვენ Apex Legends ძალიან შეგვიყვარდა და გვსურდა, უფრო კი გვჭირდებოდა, რომ ის სხვებსაც ეთამაშათ'.

მან გეიმერების მიმართ მადლიერებაც გამოხატა და ყველას დაპირდა, რომ წინ კარგი ამბები ელით.

'იმედი გვქონდა, რომ თამაში თქვენც ისე მოგეწონებოდათ, როგორც ჩვენ, მაგრამ ვერც კი ვიოცნებებდით, რომ Apex Legends-ს ასეთი დადებითი გამოხმაურება ექნებოდა. Respawn-ის თითოეული წევრის სახელით მინდა მადლობა გადაგიხადოთ და გითხრათ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია! წელს თქვენთვის ბევრი კარგი სიახლე გვაქვს შემზადებული.'

კარგ დასაწყისს როგორი გაგრძელება ექნება, ეს ცალკე საკითხია. ამ ეტაპზე უცნობია ისიც, თუ რამხელა შემოსავალს მიიღებს კომპანია მიკროტრანზაქციების შედეგად.

კომენტარები

ბოლო ამბები