Thumbnail

PREVIEW | მატჩი ლიდერების გარეშე, ტოტენჰემი დღეს ბორუსიას მასპინძლობს...

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 📅 14 თებერვალი | ⌚ 00:00 | ⚽ ტოტენჰემი V ბორუსია
  • დელე ალი და ჰარი კეინი, სავარაუდოდ, საპასუხო მატჩისთვის დაბრუნდებიან...

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩს ტოტენჰემ ჰოთსპური 'უემბლიზე', დორტმუნდის ბორუსიას წინააღმდეგ ჩაატარებს. ლონდონელებს მიმდინარე სეზონის დასაწყისში არავინ დაუმატებიათ, შევსება პოჩეტინოს გუნდმა ვერც ზამთარში მიიღო.

ნოემბრის სანაკრებო შესვენების შემდეგ, კლუბმა 78 დღის მანძილზე, 21 მატჩი ჩაატარა - პოჩეტინოს გუნდი დაღლილობას და გახშირებულ ტრავმიანობას ებრძვის. დღეს გუნდის ლიდერები ჰარი კეინი და დელე ალი ვერ ითამაშებენ, მაგრამ როგორც ამბობენ ინგლისელები საპასუხო მატჩისთვის დაბრუნდებიან.

"ფეხბურთელებში ენერგიას ვხედავ... ჩემპიონთა ლიგა ისეთი ტურნირია, რომ განსაკუთრებულ ატმოსფეროს იმსახურებს, იმედია 'უემბლი' გაივსება და დორტმუნდს კარგად დავხვდებით. ამ მატჩის შემდეგ ფეხბურთელებს რამდენიმე დღიან შვებულებას მივცემ, ძალიან გადატვირთული კალენდარი გვქონდა," - ამბობს პოჩეტინო.

კეინის და ალის გარდა, დღეს ვერც დენი როუზი და ბენ დევისი ითამაშებენ, სავარაუდოდ მარცხენა მცველად მატჩს იან ვერტონგენი დაიწყებს. "ჩემპიონთა ლიგა შარშანაც ვითამაშეთ, წელსაც და მომავალ სეზონში ახალ სტადიონს აუცილებლად ლიგის ჰიმნით უნდა შევხვდეთ!" - ამბობს ვერტონგენი.

თუმცა საკადრო პრობლემები არც გერმანელებს აკლიათ - მარკო როისი, პაკო ალკასერი, იულიან ვაიგლი და ლუკაშ პიშჩეკი დღეს ვერ ითამაშებენ. ჯეიდონ სანჩო, 18 წლის ინგლისის ნაკრების გარემარბი კი სამშობლოში ბრუნდება. მას ერთი უცნაურობა შეემთხვა - პასპორტი სახლში დარჩა, უკან მიბრუნდა და ლონდონში ცალკე რეისით ჩაფრინდა.

საინტერესო ფაქტები

⚽ ბორუსიამ ტოტენჰემი 2015-16 წლების ევროპის ლიგის მერვედფინალიდან გამოაგდო, თუმცა სპურსმა გერმანელები შარშან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფის ორივე მატჩში დაამარცხა...

⚽ ტოტენჰემი ლიგის ჯგუფიდან ისტორიაში 3-ჯერ არის გასული, თუმცა მერვედფინალს მხოლოდ ერთხელ გაცდა...

⚽ დორტმუნდის ბორუსია მერვედფინალში მეხუთედაა და 3 შემთხვევაში გერმანელებმა ბარიერი გადალახეს...

⚽ ტოტენჰემს წელს ლიგაზე პირველი ტაიმი არასოდეს მოუგია, პირველი გოლიც ექვსიდან მხოლოდ 2 მატჩში გაიტანეს...

⚽ დორტმუნდმა წელს 14 გასვლითი მატჩიდან, 12-ში მინიმუმ ერთი გოლი გაიტანა...

კომენტარები

ბოლო ამბები