Thumbnail
  • 📅 14 თებერვალი | ⌚ 00:00 | ⚽ აიაქსი V რეალი | 📺 SILK UNIVERSAL
  • მადრიდში ზედიზედ მეოთხე ტრიუმფზე ოცნებობენ
  • აიაქსი უდიდესი მონდომებით ითამაშებს

აიაქსისა და რეალის მერვედფინალურ წყვილში როლები მკვეთრადაა გადანაწილებული: მადრიდული გრანდი ორრაუნდიან დუელში გამოკვეთილი ფავორიტია, ამსტერდამული კი - აუტსაიდერი. თუმცა პირველი თამაში ‘ამსტერდამ არენაზეა’, სადაც, აიაქსს, ‘ერთ მშვენიერ დღეს’ ნებისმიერის დამარცხება შეუძლია.

‘სამეფო კლუბის’ შეფები, ფეხბურთელები და გულშემატკივრები ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მეოთხე ტრიუმფზე ოცნებობენ: ‘როცა საქმე რეალ მადრიდს ეხება, გამორიცხული არაფერია და ყველაფერი შესაძლებელია!’ - განაცხადა მადრიდელთა დამრიგებელმა სანტიაგო სოლარიმ მატჩის წინ.

ძველი დრო, 90-იანები: ედგარ დავიდსი და მანოლო სანჩისი

მას მერე, რაც რეალის (ოფიციალურად, დროებითი) მთავარი მწვრთნელი გახდა, მადრიდულმა გრანდმა თამაში გამოასწორა და პროგრესი განიცადა. შაბათს, რეალმა ეს პროცესი მადრიდული დერბის მოგებით (3:1 ატლეტიკოსთან) დაადასტურა, რომლის შემდეგ რეალი ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილამდე აღზევდა. ‘ასეთ კარგ ფორმაში ყოფნის გამო ძალიან კმაყოფილები ვართ. ეს თავდაჯერებას და მოტივაციას გვმატებს,’ - ამბობს სოლარი.

აიაქსი კი, ჰოლანდიის ჩემპიონატში ბოლო დროს ისე ვეღარ თამაშობს, როგორც ეკადრება. ზამთრის შესვენების შემდეგ ამსტერდამულმა გრანდმა ჰოლანდიის ჩემპიონატის 4 მატჩში მხოლოდ 4 ქულა მოიპოვა და ბოლო სამი თამაშიდან ორი წააგო. 

ალმელოსთან წაგებულ მატჩში (0:1) აიაქსმა, სამი ქულის გარდა, ფრენკი დე იონგიც დაკარგა - ამტერდამელთა 21 წლის ლიდერმა, რომელიც ზაფხულში 86 მილიონი ევროს სანაცვლოდ ბარსელონაში მიდის, ტრავმა მიიღო და რეალთან მისი თამაში საეჭვოა. მცირე ტრავმა აწუხებს და კითხვის ნიშნის ქვეშაა არგენტინელი ნიკოლას ტალიაფიკოს თამაშიც. რეალს, ისკოს გარდა, ყველა ტოპ-ვარსკვლავი მწყობრში ჰყავს.

საინტერესო ფაქტები

⚽ 13-წლიანი პაუზის შემდეგ, აიაქსი პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში. ამსტერდამული კლუბი ბოლო დროს ფორმაში არ არის - ჰოლანდიის ჩემპიონატში ბოლო 4 თამაშიდან მხოლოდ 1 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 2 წააგო.

⚽ აიაქსმა მერვედფინალში გასვლა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის წინ გაინაღდა - ჰოლანდიური გრანდი საკუთარ მოედანზე დაუმარცხებელი იყო.

⚽ ჰოლანდიის ჩემპიონატის ბოლო 4 საშინაო შეხვედრაში აიაქსმა, არც მეტი, არც ნაკლები, 23 გოლი (!) გაიტანა - 5:1 დენ ჰააგთან, 8:0 გრააფსხაპთან, 4:4 ჰერენვენთან და 6:0 ვენლოსთან.

⚽ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი და ბოლო სამი სეზონის გამარჯვებული რეალი მერვედფინალში ზედიზედ მეთექვსმეტედ თამაშობს. მართალია, ‘სამეფო გუნდმა’ ჯგუფურ ეტაპზე მოსკოვის ცსკა-სთან ორივე თამაში წააგო (!), მაგრამ ამ მოულოდნელმა ამბავმა ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაში ხელი არ შეუშალა.

⚽ ესპანეთის ჩემპიონატში რეალს 5-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს და მეორე ადგილზე აღზევდა.

⚽ რეალმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, სტუმრად 2 თამაში მოიგო (პლზენთან და რომასთან) და 1 წააგო (ცსკა-სთან) - სამივე შემთხვევაში მადრიდული გრანდი ფავორიტი იყო. საშუალოდ ერთ გასვლით მატჩში რეალს 17,3 დარტყმა ჰქონდა, რაც ამ სეზონში მეორე შედეგია. 

⚽ რეალმა აიაქსს ბოლო ხუთი მატჩიდან ხუთივე მინიმუმ 3-ბურთიანი უპირატესობით მოუგო.

⚽ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში აიაქსს ბოლო 6 თამაშიდან არცერთი არ აქვს მოგებული (2 ფრე, 4 მარცხი). ამსტერდამელებმა ლიგის პლეი ოფში ბოლოს 1996/97 წლების სეზონის მეოთხედფინალში, ატლეტიკოსთან გაიმარჯვეს.

⚽ ესპანურ კლუბებთან ბოლო 14 დუელიდან აიაქსმა მხოლოდ 2 მოიგო (1 ფრე, 11 წაგება).

⚽ აიაქსის ფორვარდ დუშან ტადიჩს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 5 გოლი აქვს გატანილი, ჰოლანდიის ჩემპიონატში კი 13.

⚽ რეალის უელსელმა წინახაზელმა გარეთ ბეილმა გასულ უიქენდზე საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა და რეალის ფორმით მე-100 გოლი გაიტანა.

⚽ ჩემპიონთა ლიგაში სტუმრად მოგებულ ბოლო 14 მატჩში რეალმა მინიმუმ 2 გოლი გაიტანა.

⚽ 8 სეზონია, მადრიდის რეალი მინიმუმ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გადის.

⚽ 16 მერვედფინალიდან რეალი 9 შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე გავიდა. 2005-დან 2010 წლის ჩათვლით რეალი ზედიზედ 6-ჯერ გავარდა მერვედფინალიდან, ბოლოს კი ზედიზედ 8-ჯერ გავიდა მეოთხედფინალში.

⚽ ჩემპიონთა ლიგის საკუთარ მოედანზე ჩატარებულ შეხვედრებში აიაქსს, ტოტენჰემთან ერთად, ყველაზე მეტი, 10 ბარათი აქვს მიღებული.

სავარაუდო შემადგენლობები

აიაქსი (4-3-3): ონანა - მაზრაუი, დე ლიხტი, ბლინდი, ტალიაფიკო - შიონე, ვან დე ბეეკი, დე იონგი - ზიეხი, დოლბერგი, ტადიჩი.

რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი, სერხიო რამოსი, ვარანი, მარსელო - მოდრიჩი, კროოსი - ვასკესი, ბენზემა, ვინისიუსი.

კომენტარები

ბოლო ამბები