Thumbnail

ესპანური მედია: ბარსა და რეალი ბუნდესლიგის ბომბარდირისთვის იბრძვიან!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • აინტრახტის თავდამსხმელი ესპანური გაზეთების პირველ გვერდებზე
  • ფრანკფურტელთა გოლეადორისთვის ბარსაც იბრძვის და რეალიც

თუ აქამდე მის შესახებ არაფერი იცოდნენ, ბარსელონელები დღეს დილიდან მაინც გაიცნობდნენ ლუკა იოვიჩს, რომელიც ფრანკფურტის აინტრახტში შესანიშნავ სეზონს ატარებს. ყველა კატალონიური სპორტული გამოცემის პირველ გვერდზე დღეს სწორედ მისი ფოტო იყო გამოქვეყნებული.

📜 ‘კონტაქტი იოვიჩთან’ - ასეთი სათაური ჰქონდა ‘მუნდო დეპორტივოს’

📜 ‘იოვიჩი კარგია’ - წერდა ‘სპორტი’.

ესპანურმა მედიამ იოვიჩის ბარსელონაში გადასვლაზე მას შემდეგ დაწერა, რაც გერმანულ ‘ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში’ გამოქვეყნდა სტატია, სადაც აინტრახტის 21 წლის ფორვარდის კატალონიურ გრანდთან შეთანხმებაზე ეწერა. ჩვენი გერმანელი კოლეგები წერდნენ, რომ ფეხბურთელმა ბარსასთან კონტრაქტის პირობები უკვე შეათანხმა და ახლა მხოლოდ კლუბები უნდა მორიგდნენ. თუმცა, ბარსელონას აინტრახტისთვის ოფიციალური წინადადებით ჯერ არ მიუმართავს.

'მუნდო დეპორტივოს' პირველი გვერდი

ახლა ამ ინფორმაციას უკვე, გარკვეულწილად, ესპანური მედიაც ადასტურებს. ‘მუნდო დეპორტივო’ წერს, რომ იოვიჩი კატალონიელთა ერთადერთი სამიზნე არ არის. ჩვენი ესპანელი კოლეგები წერენ, რომ ბარსელონა და იოვიჩი ჯერ არ შეთანხმებულან. მეტიც, აინტრახტის თავდამსხმელისთვის მადრიდის რეალიც იბრძვის. ამაზე ‘მარკა’ ორი კვირის წინაც წერდა, ახლა კი გერმანული ‘ბილდი’ წერს, რომ რეალმა აინტრახტს კონკრეტული წინადადებით მიმართა და იოვიჩის სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო შესთავაზა. 

იოვიჩი ჯერ მხოლოდ 21 წლისაა და აინტრახტში არენდით თამაშობს, ისე კი ლისაბონის ბენფიკას საკუთრებაა. თუმცა, გერმანულ კლუბს ზაფხულში მისი შესყიდვის უპირატესი უფლება აქვს და კონტრაქტში ჩადებული პუნქტის მიხედვით, ბენფიკას მხოლოდ 7 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. ცხადია, რომ ფრანკფურტელები ამ ოფციით აუცილებლად ისარგებლებენ, რადგან 7 მილიონი იოვიჩისთვის ძალიან დაბალი ფასია. თუმცა, თუ აინტრახტი სერბს ზაფხულშივე დათმობს, ცხადია, რომ მსურველს გაცილებით მეტის გადახდა მოუწევს.

გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატში იოვიჩს 14 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა რეიტინგში პირველ ადგილზეა. სერბი ერთი გოლით უსწრებს რობერტ ლევანდოვსკის (ბაიერნი) და მარკო როისს (დორტმუნდი). ამასთან, იოვიჩმა ევროპალიგაზეც გამოიჩინა თავი, სადაც 5 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები