Thumbnail
  • საქართველოს ნაკრები სტუმრად ხორვატიასთან ნოემბერში ისპარინგებს
  • მატჩს ჯერ მხოლოდ ხორვატიის ფეხბურთის ფედერაცია აანონსებს
  • საქართველო და ხორვატია ერთმანეთს ისტორიაში მესამედ შეხვდებიან

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2019 წელს ამხანაგურ შეხვედრას მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ხორვატიის ნაკრებთან გამართავს. მატჩი ხორვატიაში 19 ნოემბერს, თბილისის დროით 23:00 სთ-ზე ჩატარდება.

ამხანაგური თამაშის შესახებ, რომელსაც ხორვატიის ფეხბურთის ფედერაცია აანონსებს, ჯერჯერობით არაფერს იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.

ზლატკო დალიჩის გუნდი ფიფას რეიტნგში ამჟამად მეოთხეა, საქართველო - 91-ე

ვლადიმირ ვაისის გუნდს ამ დროისთვის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ D ჯგუფში ასპარეზობა დასრულებული ექნება. ბოლო ტურის მატჩს საქართველოს ნაკრები სტუმრად შვეიცარიასთან 15 ნოემბერს ჩაატარებს, ოთხი დღის შემდეგ კი უკვე ხორვატიაში სპარინგისთვის გადაინაცვლებს.

ვაისს ხორვატიასთან სპარინგი ალბათ ერთა ლიგის პლეი ოფისთვის დასჭირდება

საქართველოს ნაკრებს ხორვატიის წინააღმდეგ აქამდე ორჯერ უთამაშია - ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში. სპლიტში გამართული შეხვედრა მასპინძლებმა ანგარიშით 2:1 მოიგეს, აი, თბილისურ შეხვედრაში კი საქართველოს ნაკრებმა მეტოქე ლევან კობიაშვილის გოლით დაამარცხა - 1:0.

ხორვატიის ეროვნული ნაკრები 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ფინალში გავიდა, სადაც საფრანგეთის ნაკრებთან ანგარიშით 2:4 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევ ჯგუფში შვეიცარიას, დანიას, ირლანდიასა და ლუქსემბურგს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები