Thumbnail
  • საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა ჩატარდა
  • დაამტკიცდა საარჩევნო ყრილობის რეგლამენტი, რომელიც 15 თებერვალს გაიმართება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა ჩატარდა, სადაც აქტუალური თემები განიხილეს, მათ შორის დაამტკიცეს საარჩევნო ყრილობის რეგლამენტი, რომელიც 15 თებერვალს გაიმართება და 12 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ყრილობაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს აირჩევენ, კანდიდატი კი ერთია: მოქმედი პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი. 

სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წლიდან, საქართველოს სუპერთასს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, სლავა მეტრეველის სახელი მიენიჭა. ახალი დიზანით შექმნილი, სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის მფლობელი 24 თებერვალს გორში გამოვლინდება. სუპერთასისთვის ქვეყნის ჩემპიონი საბურთალო და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი ქუთაისის ტორპედო იბრძოლებენ.

აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა შეხვედრაზე განხილულ მთავარ თემებზე კომენტარი გააკეთა...

“მოახლებული 29-ე საარჩევნო ყრილობისთვის დამტკიცდა საჭირო საპროცედურო რეგლამენტი, აგრეთვე დამტკიცდა ეროვნული ჩემპიონატისა და დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების დებულება. მოვისმინეთ ლიცენზირების კომიტეტის მოხსენება 2018 წლის ლიცენზირების შედეგებთან დაკავშირებით და აგრეთვე დამტკიცდა ახალი, 2019 წლის დებულება საკლუბო ლიცენზირების კუთხით. აგრეთვე, გამოვარჩევდი ერთ-ერთ მთავარ საკითხს: 2018 წელს მუშაობდა ჯგუფი, პირველი ვიცე-პრეზიდენტის კახა ჭუმბურიძის ხელძღვანელობით, სადაც ჩართულები იყვნენ ლიცენზირების განყოფილების უფროსი და გენერალური სამდივნოს ხელმძღვანელი. ჯგუფის მუშაობის შედეგად და სხვადასხვა საფეხბურთო კლუბის, საფეხბურთო სკოლის თხოვნებისა და სურვილების გათვალისწინებით, ფეხბურთელების წვრთნისა და აღზრდის კომპენსაციის რეგულაციები ახალი რედაქციით იქნება წარმოდგენილი” - განაცხადა დავით მუჯირმა.

ფოტო: GFF.GE-დან

კომენტარები

ბოლო ამბები