Thumbnail

რატომ არ არის რომა პორტუსთან ფავორიტი? დი ფრანჩესკოს შარშანდელი აგრესია აკლია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • პორტუსთან დუელი ეუსებიო დი ფრანჩესკოსთვის გადამწყვეტია
  • მწვრთნელი ფეხბურთელებისგან ზომიერ აგრესიას ითხოვს

დღეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის ორი მატჩია და თუ არჩევანზე მიდგა საქმე, ცხადია, რომ საყურებლად ყველა მანჩესტერ იუნაიტედისა და პარი სენ-ჟერმენის სუპერდუელს აირჩევს. პარალელური მატჩი კი, რომელშიც რომა პორტუს უმასპინძლებს, ერთი შეხედვით, არცისე დამაინტრიგებელი მოჩანს. თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით…

რომასა და პორტუს დუელი განსაკუთრებით იტალიური კლუბის მწვრთნელისთვის, ეუსებიო დი ფრანჩესკოსთვისაა მნიშვნელოვანი. ბოლო დროს არაერთგზის გაკრიტიკებულმა და იტალიური პრესის ცნობით, ‘ჩემოდნებზე მჯდომმა’ მწვრთნელმა გასულ უიქენდზე ხასიათი გამოიკეთა - მისმა გუნდმა კიევო 3:0 დაამარცხა. ეს იმას ნიშნავს, რომ რომაელები პორტუსთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდებიან.

‘ჯალოროსისთვის’ დღეს მნიშვნელოვან კითხვას უნდა გაეცეს პასუხი: კიევოსთან გამარჯვება ახალი, წარმატებული სერიის დასაწყისია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაშიც უნდა გაგრძელდეს? თუ ეს მხოლოდ დროებითი წარმატება იყო და ისევ წამოვა ისეთი ‘ტრაგედიები’, როგორიც ატალანტასთან 3:3 (3:0-ის შემდეგ) და თასზე ფიორენტინასთან 1:7 იყო?

დი ფრანჩესკოზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. რაკი რომა სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში არასტაბილურია (მე-6 ადგილი 23 ტურის შემდეგ) და ჩემპიონობისთვის ბრძოლას ვინ ჩივის, შესაძლოა, საუკეთესო ოთხეულში მოხვედრაც სანატრელი გაუხდეს, ‘ჯალოროსის’ პორტუსთან ფავორიტად არ მიიჩნევენ.

შარშან რომა, ყველასათვის მოულოდნელად, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა - შესაბამისად, ‘ჯალოროსის’ ტიფოზები წელსაც მინიმუმ ასეთივე მიღწევას ითხოვენ. 49 წლის დი ფრანჩესკო თვითონ თამაშობდა რომაში და 2000/01 წლების სეზონში გუნდთან ერთად იტალიის ჩემპიონობაც იზეიმა.

‘ფაქტია, რომ ამ სეზონში ცუდად გამოვიყურებით, მაგრამ ისიც ვიცით, რომ პორტუსთან გამარჯვების შემთხვევაში, ისევ გავაღვივებთ ეიფორიას, ეს კი ძალიან გვჭირდება. ფეხბურთელების ინდივიდუალურ ხარისხს რომ თავი დავანებოთ, პორტუ ძალიან თავდაჯერებული, ძლიერი გუნდია, რომელმაც ზუსტად იცის, როგორ უნდა ითამაშოს,’ - განაცხადა დი ფრანჩესკომ მატჩის წინ.

რომასთვის კარგი ის არის, რომ ედინ ჯეკო ისევ ფორმაშია (3 გოლი სერია A-ს ბოლო 3 მატჩში, 5 გოლი ჩემპიონთა ლიგის 4 შეხვედრაში) და, გარდა ამისა, როგორც იქნა, ფორმაში შევიდა დანიელე დე როსიც. ‘ზომიერად აგრესიულები უნდა ვიყოთ!’ - ასეთია რომას მწვრთნელის მთავარი მოთხოვნა.

კომენტარები

ბოლო ამბები