Thumbnail
  • ალეგრისა და დიბალას შორის კონფლიქტს სატრანსფერო ხმების გავრცელება მოჰყვა
  • 25 წლის არგენტინელი თავდამსხმელი შესაძლოა მადრიდის რეალში გადაბარგდეს
  • პაულო დიბალას ადგილზე ტურინულ კლუბში სამ კანდიდატს განიხილავენ
  • კრიშტიანო რონალდომ მოჰამედ სალაჰის ტრანსფერზე თანახმობა განაცხადა

მასიმილიანო ალეგრისა და პაულო დიბალას შორის ბოლო დროს გაჩენილ უთანხმოებას სატრანსფერო ხმების მომრავლება უმალ მოჰყვა. მედიის ცნობით, ტურინის იუვენტუსის არგენტინელი თავდამსხმელი შესაძლოა მომავალ ზაფხულს მადრიდის რეალში აღმოჩნდეს.

AS-ის ინფორმაციით, 25 წლის თავდამსხმელი უკმაყოფილოა ტურინულ კლუბში სათამაშო დროის სიმცირით, რის გამოც სულ ახლახან ალეგრისთან კონფლიქტიც ჰქონდა. დიბალამ მწვრთნელი პარმასთან 22-ე ტურის მატჩში გაანაწყენა, როდესაც სათადარიგოთა სკამი თვითნებურად დატოვა. უკვე მომდევნო ვარჯიშზე მასიმილიანომ არგენტინელი ყველას თანდასწრებით დატუქსა.

‘დიბალამ ბოდიში მოიხადა. ისეთი ჭკვიანი ბიჭისგან, როგორიც ის არის, სწორედ ამას მოველოდი. კლუბმა მას სერიოზული პასუხისმგებლობა დააკისრა, როდესაც 10-ნომრიანი მაისურა დაუთმო. ის გაერკვა ვითარებაში და საქმეც დახურულია’, - აცხადებს ალეგრი, მაგრამ რა მოხდება მომავალ ზაფხულს, ძნელი სათქმელია.

დიბალას რეალში გადასვლის თემას dailymail ეხმიანება, რომლის ცნობით, მადრიდელები ყურადღებით აკვირდებიან პროცესს და არგენტინელის ტრანსფერისთვის 105 მილიონ ფუნტის შეთავაზებას აპირებენ. 

დიბალას სათამაშო დრო იუვეში კრიშტიანო რონალდოს მოსვლის შემდეგ შეუმცირდა

არგენტინელ ფეხბურთელს იუვენტუსთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. ამ გუნდთან ერთად დიბალა სამჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, სამჯერ ქვეყნის თასი მოიგო, ორჯერ კი - სუპერთასი. 2014/15 წლების სეზონში 12 საგოლე პასით ის სერია A-ს საუკეთესო ასისტენტი იყო.

მიმდინარე სეზონში პაულო დიბალამ იტალიის ჩემპიონატის 19 მატჩში ითამაშა, გაიტანა 2 გოლი და მიითვალა 4 საგოლე პასი.

ისკო, ხამესი, სალაჰი...

იტალიური პრესა უკვე რამდენიმე დღეა წერს, რომ ტურინული კლუბის ხელმძღვანელობამ პაულოს გაყიდვა გადაწყვიტა და მისი შემცვლელის კანდიდატურებზე ფიქრიც უკვე დაიწყო. მათგან პირველი მადრიდის რეალის ფეხბურთელი ისკოა, რომელმაც სანტიაგო სოლარის გუნდის სასტარტოში ადგილი დაკარგა. ცნობილია, რომ 26 წლის ესპანელს მანჩესტერ სიტი და პარი სენ-ჟერმენიც უმიზნებს.

ისკომ ლა ლიგის 15 მატჩში ითამაშა, მის ანგარიშზე გოლი და 2 საგოლე პასია

მეორე კანდიდატი ამავე გუნდის ნახევარმცველი ხამეს როდრიგესია, რომელიც იჯარით მიუნხენის ბაიერნში გამოდის. სეზონის დასრულების შემდეგ ბავარიელებმა კოლუმბიელი ან უნდა გამოისყიდონ, ან მადრიდში დააბრუნონ.

ხამეს როდრიგესმა ბაიერნის მაისურით ბუნდესლიგის 12 მატჩში 3 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა

სულ ახლახან კი დაიწერა, რომ ტურინულ გუნდში შესაძლოა ლივერპულის ნახევარმცველი მოჰამედ სალაჰი აღმოჩნდეს. იუწყებიან, რომ ტრანსფერს, რომელიც 200 მილიონ ევროდ ფასდება, ‘მწვანე შუქი’ უკვე აუნთო იუვენტუსის ლიდერმა კრიშტიანო რონალდომ.

სალაჰის ანგარიშზე პრემიერლიგის 26 მატჩში 17 გოლი და 7 საგოლე პასია

ტურინის იუვენტუსი სერია A-ს სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს და მდევარ ნაპოლის 11 ქულით უსწრებს.

კომენტარები

ბოლო ამბები