Thumbnail

მიზანი ლეგენდარული რუსის დამარცხებაა! - ინტერვიუ ქართველ ჰალკთან

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ჰალკი კარიერის მთავარი ტურნირისთვის ემზადება
  • მკლავჭიდის სამყარო ქართველის და რუსის დაპირისპირებას ელოდება
ქართველი ჰალკი

🎙მიზანი ლეგენდარული რუსის დამარცხებაა! 📝 სრული ინტერვიუ აქ: bit.ly/Hulk_PS

Posted by popsport on სამშაბათი, 12 თებერვალი, 2019

ლევან საგინაშვილი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი სპორტსმენია. 30 წლის ასაკში ევროპის და მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონია მკლავჭიდში. 2019 წელს დიდი გეგმები აქვს, რადგან პირველად მიიღებს მონაწილეიბას ტურნირში, სადაც მსოფლიოს 8 საუკეთესო მკლავჭიდელს შორის იქნება და უძლიერესებს გაუწევს კონკურენციას. ლევანის მიზანი ამ ტურნირის მოგებაა და შემდეგ, უკვე თამამად იტყვის, რომ მსოფლიოს უძლიერესი მკლავჭიდელია და ყველაფერი აქვს მოგებული, რისი მოგებაც შეიძლებოდა. წარმოგიდგენთ ლევან საგინაშვილის, იგივე ჰალკის ვრცელ და საინტერესო ინტერვიუს...

popsport: გაიხსენე პირველი ნაბიჯები მკლავჭიდში...

საგინაშვილი: სპორტი ყოველთვის მიყვარდა, განსაკუთრებით კი ფეხბურთი. ერთი პერიოდი, ფეხბურთზე დავდიოდი კიდეც, თუმცა სირბილი მიჭირდა და ჩამოვშორდი. რაც შეეხება მკლავჭიდს, სრულიად შემთხვევით დავკავდი სპორტის ამ სახეობით. ჩემს სახლთან ახლოს იყო სატრენაჟორო დარბაზი, სადაც სავარჯიშოდ ჩემი მეგობრები დადიოდნენ. მეც დავინტერესდი და მივედი. დარბაზში შევამჩნიე მკლავჭიდის მაგიდა და აღმოჩნდა, რომ ეს დარბაზი ძველი მკლავჭიდელის, ლადო ხუციშვილის იყო. შემამჩნია და მიხვდა, რომ მქონდა მონაცემები. შემდეგ, მიხსნიდა რომ არსებობს ასეთი სპორტი: მკლავჭიდი. მითხრა რომ თუ ვივარჯიშებდი, 5 წელიწადში მსოფლიოს ჩემპიონი გავხდებოდი. მართლაც ასე მოხდა და ზუსტად 5 წელიწადში, 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი.

ვერც წესებით დარღვევით მოუგებ

popsport: როდის დაიჯერე, რომ შეგეძლო მკლავჭიდში დიდი წარმატების მიღწევა?

საგინაშვილი: ეს მოხდა 2009 წელს. მხოლოდ ერთი თვე იყო გასული მას შემდეგ, რაც ვარჯიში დავიწყე და საქართველოს ჩემპიონატში მივიღე მონაწილეობა. ჯერ არაფერი ვიცოდი, თუმცა პირველივე შეხვედრა მივიგე. სწორედ მაშინ ვირწმუნე, რომ მართლა შემეძლო წარმატების მიღწევა. შემდეგ დავმარცხდი, თუმცა ის პირველი გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მწვრთნელიც ყოველთვის მარწმუნებდა, რომ დიდი წარმატების მიღწევა შემეძლო. პროგნოზი გამართლდა და ვარჯიშის დაწყებიდან 5 წელიწადში, 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი.

popsport: რა არის მთავარი მკლავჭიდში: ძალა თუ ტექნიკა?

საგინაშვილი: პირველ რიგში ძალა და შემდეგ, ამ ძალის გამოყენებით ტექნიკა. თუ ძალა არ გაქვს, მხოლოდ ტექნიკით ვერაფერს მიაღწევ.

popsport: რა დროს უთმობ ვარჯიშს და როგორია ყოველდღიური რეჟიმი? 

საგინაშვილი: კვირაში 4-5 დღე ვვარჯიშობ და თითოეული ვარჯიში მინიმუმ 4 საათი გრძელდება. ისე, მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ მკლავჭიდზე ვარ კონცენტრირებული და მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ტურნირებისთვის იდეალურად მოვემზადო.

popsport: რომელია კარიერის ყველაზე გამორჩეული მომენტი, რომელიც არასდროს დაგავიწყდება?

საგინაშვილი: 2014 წელს, ვილნიუსში პირველად გავხდი მსოფლიოს ჩემპიონი და რა თქმა უნდა, ეს ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი იყო. ორივე მკლავში გავიმარჯვე და დიდ სიხარულთან ერთად, ცოტა მოულოდნელიც იყო ასეთი დიდი წარმატება, რადგან უძლიერესი კონკურენტები მყავდა.

popsport: რა გეგმები გაქვს 2019 წელს?

საგინაშვილი: 2018 წელს ორივე მკლავში მოვიგე როგორც ევროპის, ისე მსოფლიოს ჩემპიონატი. არსებობს კიდევ უფრო მაღალი დონის შეჯიბრი, რომელშიც პროფესიონალები, მსოფლიოს უძლიერესი მკლავჭიდელები მონაწილეობენ. მათთვის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატები ნაკლებად საინტერესოა და სწორედ ასეთ შეხვედრებში არკვევენ საუკეთესოს ვინაობას. ამ პაექრობებს ვენდეტას უწოდებენ. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, სწორედ ამ სამყაროში მოვხვდი და დიმიტრი ტურბინს დავუპირისპირდი. ფავორიტად ჩემი მეოქე იყო მიჩნეული. მით უმეტეს, 20 დღის წინ, მსოფლიოს ჩემპიონატზე მივიღე მონაწილეობა და ძალების აღსადგენად დიდი დრო არ მქონდა. 6:0 დავამარცხე ტურბინი და სწორედ ამის შემდეგ მოვიპოვე ნამდვილი აღიარება. შესაბამისად, მიმიწვიეს ტურნირში, რომელშიც მსოფლიოს 8 საუკეთესო მკლავჭიდელი მიიღებს მონაწილეობას. იქ იქნება ლეგენდარული დენის ციპლინკოვიც, რომელსაც მკლავჭიდის ტედი რინერი შეგვიძლია ვუწოდოთ. სწორედ ჩემი და ციპლინკოვის დაპირისპირებას ელოდება მკლავჭიდის სამყარო. დიმიტრი ტურბინოვი 6:0 დავამარცხე და სწორედ ამის შემდეგ მოვიპოვე ნამდვილი აღიარება.

ასევე ნახექალთა ნაკრების კაპიტნის ამბავი

popsport: როდის და სად ჩატარდება მსოფლიოს 8 საუკეთესო მკლავჭიდელის ტურნირი?

საგინაშვილი: ცნობილია, რომ ტურნირი ჩატარდება სამ ეტაპად. პირველი ეტაპი აპრილში, მალაიზიაში შედგება. იქამდე, მარტში წილისყრაა და გაირკვევა ვინ ვის შეხვდება 1/4 -ფინალში. წილისყრისას განთესვაა და შესაბამისად, პირველივე ორთაბრძოლა დენის ციპლინკოვთან ვერ მექნება. იმედია, რომ ან ნახევარფინალში, ან ფინალში გადავეყრებით ერთმანეთს. 

popsport: ვინ არის შენთვის გამორჩეული მკლავჭიდელი, მისაბაძი მაგალითი და კუმირი?

საგინაშვილი: ჩემთვის გამორჩეულია ამერიკელი მკლავჭიდელი, ჯონ ბრზენკი. ლეგენდარული სპორტსმენია, რომელიც კარიერის საუკეთესო წლებში 100 კილოს იწონიდა და უგებდა 40-45 კილოთი მძიმე მეტოქეებს. მთელი ცხოვრება მკლავჭიდშია და არარეალური ძალის პატრონია. 54 წლისაა, ისევ გამოდის ტურნირებზე და ისევ ძალიან ძლიერია. სწორედ ის არის ჩემი კუმირი, რადგან ყველაფერს მიაღწია, მაგრამ არ გაჩერდა და მუდმივად იბრძის, რომ საკუთარი ძალა დაამტკიცოს. 

ლევან საგინაშვილმა ვარჯიში 20 წლის ასაკში, 4-კილოიანი გირებით დაიწყო

popsport: ვინ შეგარქვა მეტსახელი ჰალკი, რომლითაც მკლავჭიდის სამყარო გიცნობს?

საგინაშვილი: მეგობრებმა შემარქვეს და მეც მივირგე ეს მეტსახელი. სასიამოვნოა, თუმცა სუპერგმირებში მე უფრო ბეტმენი მომწონს.

popsport: ქართველი მკლავჭიდელები გამორჩეულები არიან მსოფლიოს მასშტაბით. რით არის ეს განპირობებული?

საგინაშვილი: პირველ რიგში, გენეტიკით. ქართველები არ გამოვირჩევით ვარჯიშის დიდი სიყვარულით, მაგრამ გენეტიკურად ძლიერი მკლავი გვაქვს. შეიძლება კუნთები დაიყენო, მაგრამ თუ გენში არ გაქვს, ხელს ვერ გაიზრდი. ძირითადად, ამის ხარჯზე ვაღწევთ წარმატებებს. ქართველები არ გამოვირჩევით ვარჯიშის დიდი სიყვარულით, მაგრამ გენეტიკურად ძლიერი მკლავი გვაქვს.

popsport: როგორ ფიქრობ, სპორტის სხვა სახეობაში თუ შეგეძლო წარმატების მიღწევა?

საგინაშვილი: როდესაც მკლავჭიდზე დავიწყე ვარჯიში, მწვრთნელის გარდა არავის ეგონა რომ წარმატებას მივაღწევდი. ფიზიკური მონაცემებით არ გამოვირჩეოდი და თავიდან 4-კილოიანი გირებით ვვარჯიშობდი. 20 წლის ასაკში ვიყავი 80 კილო და დღეს, 30 წლის ასაკში 172 კილო ვარ. რომ არა მკლავჭიდი, ალბათ ჩემგან სპორტსმენი არ დადგებოდა. ისე კი, როგორც თავშივე აღვნიშნე, ძალიან მიყვარს ფეხბურთი.  

popsport: ანუ, მკლავჭიდთან ერთად, შენთვის ფეხბურთია სპორტის გამორჩეული სახეობა...

საგინაშვილი: სიმართლე რომ გითხრათ, მკლავჭიდზე მეტად სწორედ ფეხბურთი მიყვარს. ბავშვობიდან ტურინის იუვენტუსის გულშემატკივარი ვარ. ფეხბურთს დღემდე დიდი ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში და ერთადერთი, რისთვისაც შეიძლება ვარჯიში გავაცდინო, ეს საქართველოს ნაკრების, იტალიის ნაკრების და იუვენტუსის თამაშებია.  

popsport: შენ თვითონ თუ თამაშობ ფეხბურთს?

საგინაშვილი: ვერიდები, რადგან არ მინდა ვინმე დავაზიანო. სამაგიეროდ, ფლეისთეიშენს ვთამაშობ კარგად და ყოველთვის ტურინის იუვენტუსს ვირჩევ.

popsport: მესი თუ რონალდო?

საგინაშვილი: გასაგები მიზეზების გამო, უკვე რონალდო. იქამდე მესის ვამჯობინებდი. 

popsport: და ბოლოს, 30 წლის ასაკში, რა მიზნები გაქვს დასახული კარიერასა და ცხოვრებაში?

საგინაშვილი: რა მიზნებიც მქონდა დასახული, ყვველა ეტაპი გავიარე და დამრჩა მხოლოდ ერთი ნაბიჯი: ტოპ 8 მკლავჭიდელს შორის გამარჯვება. თუ ამ ტურნირსაც მოვიგებ, უკვე თამამად ვიტყვი, რომ ყველაფერი მოგებული მაქვს. შემდეგ უკვე ახალი მიზნები გაჩნდება, ამ ეტპზე კი სწორედ ამ ამოცანაზე ვარ კონცენტრირებული.

კომენტარები

ბოლო ამბები