Thumbnail
  • უკრაინული მედიის ცნობით, საბურთალოს ნახევარმცველი არსენალ-კიევში გადადის
  • თარგამაძესთან ერთად კიევის კლუბში დამკვიდრებას თემურ ფარცვანიაც ცდილობს
  • არსენალ-კიევი უკრაინის პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის 

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა დავით თარგამაძემ კარიერა შესაძლოა უკრაინის პრემიერლიგის კლუბში გააგრძელოს. როგორც Footboom იუწყება, 29 წლის ფეხბურთელი, რომელიც ბოლოს თბილისის საბურთალოს ღირსებას იცავდა, ახლო მომავალში არსენალ-კიევს შეუერთდება. 

იმავე წყაროს ცნობით, უკრაინის პრემიელიგის აუტსაიდერ კლუბში დამკვიდრებას, თარგამაძესთან ერთად, უკრაინის მოქალაქე, 27 წლის მცველი თემურ ფარცვანიაც ცდილობს. თუ შეთანხმება შედგა, ფეხბურთელები კიევის კლუბს თავისუფალი აგენტის სტარტუსით შეუერთდებიან.  

დავით თარგამაძე ფრანკ რიბერის წინააღმდეგ

დავით თარგამაძე ადრეულ ასაკში გერმანულ ფრაიბურგში აღმოჩნდა, თუმცა იქ დამკვიდრება ვერ შეძლო და უკრაინაში გადაბარგდა, სადაც კარიერის დიდი ნაწილი გაატარა. ნახევარმცველი ოლეკსანდრიას, მარიუპოლისა და დონეცკის შახტარის ღირსებას იცავდა, მისი ბოლო კლუბი კი თბილისის საბურთალო იყო, რომელთან ერთადაც საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა. დავითმა ეროვნული ლიგის 7 მატჩში ერთი გოლი გაიტანა.

ნახევარმცველს საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით 14 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.

თბილისელი თემურ ფარცვანია საცხოვრებლად უკრაინაში 2008 წლიდან გადაბარგდა. სხვადასხვა დროს კიევის დინამოში, ვოლინში, ზაპოროჟიეს მეტალურგში, დესნასა და ოლიმპიკში, ასევე უკრაინის ასაკობრივ ნაკრებებში გამოდიოდა. 27 წლის ფარცვანიას ბოლო კლუბი უნგრული კიშვარდა იყო, რომელიც ზამთარში დატოვა.

თემურ ფარცვანია ერთი ხანობა საქართველოს სახელით თამაშსაც აპირებდა

არსენალ-კიევის მდგომარეობა უკრაინის პრემიერლიგაში მძიმეა. გასული 18 ტურის შემდეგ გუნდს სულ 8 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლო, მე-12 ადგილზეა. გუნდი ცოტა ხნის წინ თბილისის დინამოს ყოფილმა თავკაცმა ვიაჩესლავ გროზნიმ დატოვა, მისი ადგილი კი 51 წლის იგორ ლეონოვმა დაიკავა, რომელიც ამ სეზონში გუნდში უკვე მესამე მწვრთნელია.

კომენტარები

ბოლო ამბები