Thumbnail
  • დეტროიტმა ვაშინგტონი 121:112 დაამარცხა
  • დრამონდმა ორმაგი დუბლი შეასრულა, გრიფინს სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა
  • ზაზა ფაჩულიამ 7 წუთში 4 ქულის ჩაგდება მოასწრო 

დენვერისა და ნიუ იორკ ნიქსის ორჯერ დამარცხების შემდეგ, ზაზა ფაჩულიას დეტროიტმა ზედიზედ მეოთხე თამაშიც მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზე აინაცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ 35 წლის ქართველი ცენტრის გუნდი პლეი ოფის ზონაშია. აქამდე მე-8 ადგილზე მაიამი იყო, რომელიც გამთენიისას დენვერთან დამარცხდა. ახლა დეტროიტს 26 მოგება და 29 მარცხი აქვს, მაიამის კი - 25 მოგება და 30 მარცხი.

ბლეიკ გრიფინს სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა

პისტონსმა ვაშინგტონი 121:112 დაამარცხა. დეტროიტელთა მხრიდან საუკეთესო გუნდის ლიდერი ანდრე დრამონდი იყო - ძირითადმა ცენტრმა 32 ქულითა და 17 მოხსნით მორიგი ორმაგი დუბლი შეასრულა. შესანიშნავად ითამაშა პისტონსის მეორე ვარსკვლავმა ბლეიკ გრიფინმაც - მას სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა (31 ქულა, 9 მოხსნა, 9 პასი).

რაც შეეხება ფაჩულიას - ქართველმა ამჯერად 7 წუთი ითამაშა და ამ დროში 4 ქულის ჩაგდება მოასწრო. ზაზამ ორივე ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმო კი არ უსვრია. გარდა ამისა, მის აქტივში 1 მოხსნა (შეტევაში) და 1 პასიც იყო.

ახლა დეტროიტს ძალიან რთული მატჩი ელის - ფაჩულია და კომპანია 14 თებერვალს ბოსტონს ესტუმრებიან. სელტიკსი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ზაზას გუნდი მიმდინარე სეზონში ბოსტონს სამჯერ შეხვდა - ორჯერ სელტიკსმა მოიგო (საკუთარ არენაზე), ერთხელ კი - დეტროიტმა (ასევე შინ).

კომენტარები

ბოლო ამბები