Thumbnail

'ნეიმარის გარეშე პრობლემაა' - ჯიჯი ბუფონს პსჟ-ის სიძლიერის სჯერა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • პსჟ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ერთვება
  • ჯიჯი ბუფონის მცირე ინტერვიუ CNN-თან

12 თებერვალს საფრანგეთის ჩემპიონი პარი სენ-ჟერმენი 'ოლდ ტრაფორდზე' მანჩესტერ იუნაიტედს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის პირველ მატჩში დაუპირისპირდება. პსჟ ზედიზედ ორი წელი ამ ეტაპზე მარცხდებოდა (ჯერ ბარსელონასთან, მერე რეალთან), თუმცა ახლა გუნდის კარში იტალიელი ლეგენდა ჯანლუიჯი ბუფონი დგას, რომელმაც CNN-ს მატჩის წინ მცირე ინტერვიუ მისცა.

"ვფიქრობ, ნეიმარის არყოფნა ჩვენთვის პრობლემაა. იმედია, ეს არ იქნება დიდი პრობლემა. პსჟ ის გუნდია, რომელიც ნეიმარის კალიბრის ფეხბურთელების გარეშეც კი აღწევს წარმატებას.

ბუფონი და ნეიმარი

სამწუხაროა, ნეიმარი ბოლო თვეების განმავლობაში შესაშურ ფორმაში იყო. მისი ყოფნა ძალიან დაგვეხმარებოდა. იმედია, ჩვენ გავაღწევთ ნახევარფინალურ სტადიაზე, სადაც უკვე შემოგვიერთდება ნეიმარიც. ეს მისთვის იქნება ძალიან კარგი საჩუქარი", - ამბობს ჯიჯი ბუფონი. 

ბაბუ ჯიჯი

ჯიჯის მამა-შვილური დარიგება

ნეიმარი და კავანი არ იქნებიან, შეტევაში მთელი სიმძიმე ახალგაზრდა კილიან მბაპეს დააწვება, რომელიც, სხვათა შორის, ბუფონთან ახლოს მეგობრობს:

"კილიანი 20 წლისაა და ყველაზე კარგი, რაც ჩემთვის უწოდებია არის 'მამა', ხანდახან კი 'ბაბუს' მეძახის. ხანგრძლივი კარიერა გამოვიარე, მეც ვყოფილვარ ესეთი ახალგაზრდა, თავმომწონე ფეხბურთელი, რომელსაც ძალიან სურდა, რომ გამოცდილებს თავიანთ რიგებში მიეღოთ.

ახლა მე ვარ ვეტერანი და კარგად მესმის ახალგაზდების. წლების განმავლობაში ბევრი რამ იცვლება და მოვლენებს სხვანაირად უყურებ. ჩვენ ერთად ვხუმრობთ და მას თავი ჩემხელა ჰგონია, მე კი საკუთარი თავი - მისი ასაკის", - აცხადებს პსჟ-ს გოლკიპერი. 

არაფერია გადაწყვეტილი

41 წლის ბუფონს პსჟ-სთან ერთ-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს, რომლის გაგრძელებაც კიდევ 12 თვით არის შესაძლებელი. რა იქნება მომავალში? როდემდე ითამაშებს ლეგენდა: 

"ვერ გეტყვით, თავადაც არ ვიცი. ცხოვრება გვიჩვენებს, გადაწყვეტილი ჯერ არაფერია. ჩემი აზრით, ჩემს ასაკში გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება არც ისე ჭკვიანური საქციელია", - ამბობს ჯიჯი.  

კომენტარები

ბოლო ამბები