Thumbnail

ქართველი წყალბურთელი ხორვატი ხულიგნების თავდასხმას გადაურჩა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • სპლიტში ანდრია ბითაძის თანაგუნდელებს თავს დაესხნენ
  • ხორვატმა ნაციონალისტებმა ცრვენა ზვეზდას მეკარეს ცხვირი გაუტეხეს

წყალბურთის ტრიგლავ ლიგის მე-13 ტურში ცრვენა ზვეზდას სპლიტში მორნართან უნდა ეთამაშა, მაგრამ შეხვედრა არ შედგა, რადგანაც ხორვატი ფანები ცრვენა ზვეზდას სამ წყალბურთელს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მოგეხსენებათ, რომ სერბული კლუბის ღირსებას ანდრია ბითაძე იცავს. ქართველ წყალბურთელს დავუკავშირდით და ინციდენტის დეტალებზე ვესაუბრეთ.

ანდრია ბითაძე: 'ინციდენტის დროს ადგილზე არ ვყოფილვარ. თამაშის დღე იყო და დილას ვარჯიში გვქონდა. გუნდი ნაწილი ყავის დასალევად ქალაქში გავიდა, ნაწილი კი სასტუმროში დავრჩით. ვასიჩი, მაქსიმოვიჩი და კრალი სპლიტის ცენტრში იყვნენ, როდესაც თავს დაესხნენ. ცრვენა ზვეზდას მეკარე, კრალს გუნდის ჟაკეტი ეცვა. კაფეში მას უთხრეს, რომ ზვეზდას ლოგო დაემალა, რადგანაც ეს უსაფრთხო არ იყო.

ათი წუთის შემდეგ ჩემს თანაგუნდელებს 6 ადამიანი თავს დაესხა და ჩხუბი დაიწყო. ვასიჩმა და მაქსიმოვიჩმა გაქცევა შეძლეს. ვასიჩს თავში 3-ჯერ ჩაარტყეს, ხოლო მაქსიმოვიჩს ფეხში ხელკეტი მოხვდა. კრალი გარეთ გავიდა, სადაც ჩხუბი გაგრძელდა. შორს ვეღარ გაიქცა და იქვე ზღვაში გადახტა.

სავარაუდოდ, ეს ხალხი საფეხბურთო კლუბ სპლიტის ჰაიდუკის ქომაგები იყვნენ. რა თქმა უნდა, თამაშიც გადაიდო. ამ დღეებში გაირკვევა გადათამაშება როდის იქნება. სავარაუდოდ, ნეიტრალურ მოედანზე ვითამაშებთ.'

ინციდენტს ხორვატიის პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩიც გამოეხმაურა და ძალადობა დაგმო. სპლიტის მერმა ამ ფაქტს სამარცხვინო უწოდა.

კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი: 'ხულიგნობა, როგორც სპორტის იდეალებისგან ასევე ნებისმიერი სფეროსგან შორსა. მადლობას ვუხდი სპლიტის მოქალაქეებს, რომლებმაც ამ ძალადობის აღკვეთაში მონაწილეობა მიიღეს.'

შეგახსენებთ, რომ ხორვატებსა და სერბებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა არ აქვთ. 1991 წლიდან 1995 წლამდე ისინი ერთმანეთს ეომებოდნენ. ხორვატები ამ ბრძოლას 'Domovinski rat-ს' უწოდებენ - ბრძოლა სამშობლოსთვის.

კომენტარები

ბოლო ამბები