Thumbnail
  • 📅 13 თებერვალი | ⌚ 00:00 | ⚽ მანჩესტერ იუნაიტედი V პსჟ | 📺 SILK UNIVERSAL
  • პარი სენ-ჟერმენი ‘ოლდ ტრაფორდზე’ ნეიმარის და კავანის გარეშე ითამაშებს
  • ჩემპიონთა ლიგაში VAR-ს პირველად გამოიყენებენ

ლოდინი დამთავრდა, ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება! მერვედფინალის პირველივე დღეს განსაკუთრებული მატჩია - მანჩესტერ იუნაიტედი პარი სენ-ჟერმენს მასპინძლობს!

ოლე გუნარ სოლსკიაერმა ისეთი გუნდი ჩაიბარა, რომელსაც მასხრად იგდებდნენ, დღეს კი მანჩესტერ იუნაიტედის ისევ ყველას თუ არა, უკვე ბევრს ეშინია და ესეც დიდი მიღწევაა. მას მერე, რაც მანკუნიანელთა დამრიგებელი გახდა, როგორც ჩანს, ნორვეგიელი ყველაფერს სწორად აკეთებს - 10 მოგება 11 მატჩში, სოლსკიაერის ხელში იუნაიტედი ჯერ კიდევ დაუმარცხებელია. მანჩესტერში იმედი აქვთ, რომ წაუგებელი სერია პსჟ-სთანაც გაგრძელდება.

ამ დუელში ფავორიტის გამორჩევა რთულია, მაგრამ ამ შემთხვევაში, ალბათ არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ შესანიშნავ ფორმაში მყოფი იუნაიტედი მსუბუქი ფავორიტია. არა მარტო იმიტომ, რომ მანკუნიანელები სოლსკიაერის ხელში კარგად თამაშობენ - საქმე ისაა, რომ პსჟ-ს ‘ოლდ ტრაფორდზე’ ორი მთავარი ვარსკვლავი არ ეყოლება: ნეიმარი და ედინსონ კავანი ტრავმირებულები არიან!

სოლსკიაერმა პოგბასთან ურთიერთობა დაალაგა

‘ურთულესი პერიოდი უკან მოვიტოვეთ. უკვე ბევრი დაგვცინოდა და ეს კიდევ უფრო მეტად გვაკომპლექსებდა. ახლა კი სულ სხვა ვითარებაა. ისევ ყველა ძალიან სერიოზულად გვიყურებს!’ - ეს იუნაიტედის მცველის, ფილ ჯონსის სიტყვებია. სოლსკიაერმა, რომელიც ოფიციალურად დროებითი მწვრთნელია, ამ მოკლე პერიოდში იუნაიტედს სერიოზული პროგრესი განაცდევინა. ინგლისური მედია წერს, რომ ნორვეგიელმა პირველ რიგში ისეთ ვარსკვლავებთან დაალაგა ურთიერთობა, როგორიც პოლ პოგბაა. მოგეხსენებათ, მოურინიოს სწორედ გუნდის ლიდერებთან კომუნიკაციის პრობლემა ჰქონდა. ამასთან, ნორვეგიელის ხელმძღვანელობით გუნდი გაცილებით შემტევ და სანახაობრივ ფეხბურთსაც თამაშობს - ‘ოლდ ტრაფორდის’ პუბლიკაც ხომ სწორედ ამაზე ოცნებობდა.

ახლა, 45 წლის სოლსკიაერს, პსჟ-სთან დუელის სახით პირველი საერთაშორისო გამოცდა ელის. მანჩესტერ იუნაიტედი პარიზულ გრანდს ოფიციალურ მატჩში აქამდე არასდროს შეხვედრია. ‘ჩვენ ამ მატჩისთვის მზად ვართ, მაგრამ მზად არის მეტოქეც, - აცხადებს ნორვეგიელი მატჩის წინ, - ნეიმარის არყოფნა ჩვენთვის დიდ უპირატესობად არ მიმაჩნია. პირიქით, ვფიქრობ, რომ უმჯობესი იქნებოდა, ნეიმარს ეთამაშა, რადგან როცა საუკეთესო გუნდებს ეთამაშები, გინდა, რომ მეტოქემ საუკეთესო ფეხბურთელები გამოიყენოს.’

ნეიმარის შემდეგ, პსჟ-ს ედინსონ კავანიც დაუშავდა

სოლკსკიაერმა ფულჰემთან მოგებულ შეხვედრაში (3:0) რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენა. სამიდან ორი გოლი პოლ პოგბამ გაიტანა. პსჟ-ს კი თავის მხრივ, საფრანგეთის ჩემპიონატში ბორდოს დამარცხება გაუჭირდა - თომას ტუხელის გუნდმა მხოლოდ 1:0 მოიგო და იმ ერთადერთი გოლის ავტორიც (კავანი) დაუშავდა. ტრავმა მიიღო მარჯვენა მცველმა თომა მონიემაც. პარიზელებისთვის პოზიტიური მხოლოდ ის იყო, რომ იტალიელი ნახევარმცველი მარკო ვერატი გამოჯანმრთელდა.

პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი ტუხელი ‘ოლდ ტრაფორდზე’ დუელის წინ ნერვიულობს. გერმანელმა კარგად იცის, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა, თანაც ასე ნაადრევად, მისი პარიზული კარიერის დასასრულის დასაწყისი იქნება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტუხელს არ გაუმართლა - ზუსტად ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის წინ გამოაკლდა ნეიმარი და კავანი. პსჟ-ს ეს ფეხბურთელები სწორედ ჩემპიონთა ლიგაში სჭირდება, თორემ საფრანგეთის ჩემპიონატის მოგებას მბაპე, დრაქსლერი და დი მარიაც ეყოფა.

თომას ტუხელს საკადრო პრობლემები აქვს

პარი სენ-ჟერმენი წინა სეზონებში, ჩემპიონთა ლიგაში მეოთხედფინალზე შორს არ წასულა, კლუბის ყატარელი მფლობელები კი ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის მოგებას ითხოვენ და თუ მათ მიერ დახარჯულ ფულს დავითვლით, მივხვდებით, რომ ამის უფლება ნამდვილად აქვთ. წინა სეზონში, პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობა მერვედფინალში დაასრულა (რეალთან) - ზაფხულში კი უნაი ემერი გაუშვეს.

‘მანჩესტერ იუნაიტედის ბარიერის გადალახვა ურთულესი ამოცანაა - მით უმეტეს ნეიმარის და კავანის გარეშე. თუმცა, სხვა გზა არ გვაქვს და არსებული რესურსით უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენ ამ მატჩისთვის მაქსიმალურად მზად ვიქნებით,” - აღნიშნა ტუხელმა თამაშის წინ.

ორი სუპერვარსკვლავის არყოფნაში, პარიზელთა მთავარი იმედი ახლა 20 წლის კილიან მბაპეა. ‘ოლდ ტრაფორდზე’ მას შეტევაში, დიდი ალბათობით, არგენტინელი ანხელ დი მარია და გერმანელი იულიან დრაქსლერი დაეხმარებიან.

10 მოგება 11 მატჩში, სოლსკიაერის ხელში იუნაიტედი ჯერ კიდევ დაუმარცხებელია

მანჩესტერ იუნაიტედის ფანები კი 21 წლის მარკუს რაშფორდზე ამყარებენ განსაკუთრებულ იმედებს. ‘დარწმუნებული ვარ, რომ პარიზელები ზუსტად ისე ფიქრობენ რაშფორდის შეჩერებაზე, როგორც ჩვენ მბაპეს შეჩერებაზე ვფიქრობთ! ამ ორ ფეხბურთელს უდიდესი მომავალი აქვს,’ - ამბობს სოლსკიაერი.

საინტერესო ფაქტები

⚽ საფრანგეთის მოქმედმა ჩემპიონმა C ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, იუნაიტედი კი, სადაც ჯგუფური ეტაპის შემდეგ ჟოზე მოურინიო ოლე გუნარ სოლსკიაერმა შეცვალა, H ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა (იუვენტუსის შემდეგ).

⚽ მანჩესტერ იუნაიტედი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ბოლოს 2013/2014 წლების სეზონში იყო. პსჟ ბოლო ორ სეზონში მერვედფინალიდან გავარდა - ჯერ ერთხელ ბარსელონამ გააგდო, მეორედ კი რეალმა.

⚽ ინგლისური გრანდი მერვედფინალში მეთერთმეტედ მონაწილეობს (6-ჯერ გავიდა, 4-ჯერ გავარდა).

⚽ 2017/2018 წლების სეზონში იუნაიტედი სევილიამ გააგდო. ესპანეთში მატჩი 0:0 დამთავრდა, ‘ოლდ ტრაფორდზე’ კი სევილიელებმა 2:1 გაიმარჯვეს. სწორედ ამ მატჩით დასრულდა მანჩესტერის 21-მატჩიანი წაუგებელი სერია ევროტურნირების საშინაო მატჩებში.

⚽ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე, იუნაიტედმა საკუთარ მოედანზე ვერც ვალენსიას გაუტანა (0:0) და ვერც იუვენტუსს (0:1). იანგ ბოიზი კი 1:0 დაამარცხა.

⚽ ორრაუნდიან დუელებში იუნაიტედს ფრანგულ კლუბებთან 7-დან 6 მოგებული აქვთ. ის ერთი მარცხი 1997/98 წლების სეზონში, მონაკოსთან დაფიქსირდა (0:0, 1:1) და გოლი მაშინ სწორედ სოლსკიაერმა გაიტანა.

⚽ სოლკსიაერისთვის ეს მატჩი მწვრთნელის რანგში პირველია ჩემპიონთა ლიგაში. მიოლდეს თავკაცის რანგში მას საკვალიფიკაციო ეტაპზე 3 მოგება, 4 ფრე და 1 მარცხი აქვს. 2012/2013 წლებში მან მიოლდე ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა, სამი წლის შემდეგ კი, იმავე ტურნირზე, 1/16 ფინალშიც გააღწია.

⚽ პსჟ-სთვის ეს ზედიზედ მეშვიდე მონაწილეობაა ჩემპიონთა ლიგაში. პარიზული გრანდი ყოველთვის გადიოდა მინიმუმ მერვედფინალში. აი, ნახევარფინალში კი მხოლოდ ერთხელ იყო - 1994/95 წლების სეზონში.

⚽ 2013-დან 2016 წლის ჩათვლით პსჟ ზედიზედ ოთხჯერ იყო მეოთხედფინალში, მაგრამ ბოლოს ზედიზედ ორჯერ გავარდა მერვედფინალიდან. 2016/2017 წლებში ბარსელონას შინ 4:0 მოუგო და მერე ‘ნოუ კამპზე’ 1:6 წააგო, შარშან კი რეალთან, ორი მატჩის ჯამში 2:5 დამარცხდა.

⚽ პარი სენ-ჟერმენის ბალანსი მერვედფინალში: 4 მოგება, 2 წაგება.

⚽ პსჟ-მ ამ სეზონში ინგლისში ერთხელ უკვე წააგო - ‘ენფილდზე’, ლივერპულთან 2:3 დამარცხდა, პარიზში კი 2:1 მოიგო.

⚽ პარიზელებს ინგლისში ერთადერთხელ აქვთ მოგებული - 2016 წელს ჩელსი სტუმრად 2:1 დაამარცხეს. 

⚽ ანხელ დი მარია 2014/2015 წლებში მანჩესტერ იუნაიტედში თამაშობდა და პრემიერლიგის 27 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები

მანჩესტერ იუნაიტედი (4-3-3): დე ხეა - იანგი, ბაილი, ლინდელოფი, შოუ - ერერა, მატიჩი, პოგბა - ლინგარდი, რაშფორდი, მარსიალი.

პსჟ (4-4-2): ბუფონი - კერერი, სილვა, კიმპემბე, ბერნატი - დანი ალვეში, მარკინიოსი, ვერატი, დრაქსლერი - მბაპე, დი მარია.

კომენტარები

ბოლო ამბები