Thumbnail
  • 📅 13 თებერვალი | ⌚ 00:00 | ⚽ რომა V პორტუ | 📺 SILK SPORT HD1
  • დი ფრანჩესკოს არასტაბილური გუნდი მეტოქეს კარგ ხასიათზე ხვდება
  • პორტუგალიელები იტალიის დედაქალაქში დანაკლისით და ფრეებით ჩადიან

ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდი იტალიის დედაქალაქში ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში სერჟიო კონსეისაოს პორტუს მასპინძლობს. 'ოლიმპიკოზე' თამაშს კი დანი მიკელი განსჯის - ჰოლანდიელი არბიტრი, რომელმაც რომა ჩემპიონთა ლიგის წინა გათამაშებაში ‘კამპ ნოუზე’ გაიმეტა და ბარსელონასთან ორი 11-მეტრიანი არ დაუდო (1:4)... სხვათა შორის, ახლა მიკელს საეჭვო ეპიზოდებში VAR-ის გამოყენების უფლება უკვე ექნება.

სულ რაღაც ერთი თვის წინ ამ წყვილში ფავორიტად პორტუ ჩანდა. ჯერ ერთი - რომა კრიზისშია. მეორეც - პორტუ შესაშურ ფორმაშია (პირველი ადგილი ჩემპიონატში და სულ 2 მარცხი 21 მატჩში). მესამე - საპასუხო შეხვედრა 'დრაგაუზეა'. მეოთხე - პორტუგალიურ გუნდს იტალიური ფეხბურთის კარგად მცოდნე, ექს-ლაციალე სერჟიო კონსეისაო წვრთნის.

მაგრამ პირველი მატჩის მოახლოებასთან ერთად, ¼-ფინალში რომას გასვლის შანსი მხოლოდ გაიზარდა. ‘ჯალოროსიმ’ გასულ უქმეებზე სერია A-ში სტუმრად კიევო გაანადგურა - 3:0 და თანაც, ეს ნახევრად სარეზერვო შემადგენლობით მოახერხა. გასათვალისწინებელია, რომ რომას დაუბრუნდა დე როსი, რომელთან ერთადაც 'ჯალოროსი' სულ სხვა გუნდია. 

რომაელები პორტუსთან მატჩისთვის ემზადებიან

რომას სასარგებლოდ ასევე მეტყველებს სერიოზული დანაკლისი პორტუს რიგებში. პორტუგალიელებს თავდამსხმელი მუსა მარეგა და ვინგერი ხესუს კორონა გამოაკლდათ. მარეგა, რომელიც გუნდის მეორე საუკეთესო ბომბარდირია (7 გოლი) ფრანსისკო სოარეშის (9) შემდეგ, ტრავმირებულია. აი, კორონამ კი სასჯელი უეფასგან იმის გამო მიიღო, რომ ჯგუფურ ეტაპზე, მეხუთე ტურში, შალკესთან ყვითელი განგებ 'აიკიდა'. როგორც ჩანს, მექსიკელ ფეხბურთელს ეგონა, რომ მისი დისკვალიფიკაცია სატურნირო თვალსაზრისით უმნიშვნელო, გალათასარაისთან მომდევნო შეხვედრაზე გავრცელდებოდა, პლეი ოფს კი ‘სუფთა’ შეხვდებოდა, მაგრამ უეფა განზრახვას მიუხვდა და დასაჯა… ‘დრაკონებს’ ტრავმის გამო ვერც ფორვარდი ვენსან აბუბაკარი დაეხმარება.

პორტუს მზადება მატჩისთვის 📷 

წესით, რომში თავიდანვე ოტავიომ და სოარეშმა უნდა ითამაშონ. ყოველ შემთხვევაში, დი ფრანჩესკო სწორედ ასეთი სცენარისთვის ემზადება.

სოარეშმა პორტუს მაისურით ბოლო 5 მატჩში 4 გოლი შეაგდო

თავად რომას თავკაცს სამშაბათს ტრავმების გამო ნახევარმცველები: დიეგო პეროტი და ჯენგიზ უნდერი და თავდამსხმელი პატრიკ შიკი ვერ დაეხმარებიან, მეკარე რობინ ოლსენის თამაში კი საეჭვოა. სამაგიეროდ, მცველი კოსტას მანოლასი, რომელმაც კიევოსთან ვერ ითამაშა, მწყობრშია და ეს რომაელებისთვის უკვე კარგია.

გამოკითხვა

ვინ ითამაშებენ ფინალს?

  • ბარსელონა V სიტი
  • იუვენტუსი V სიტი
  • ბარსელონა V იუვენტუსი
  • ბარსელონა V რეალ მადრიდი
  • ლივერპული V პ.ს.ჟ
  • ატლეტიკო V ლივერპული
  • ბაიერნი V ტოტენჰემი
  • სხვა წყვილი

საინტერესო ფაქტები

⚽ რომამ და პორტუმ ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წლების სეზონში, საკვალიფიკაციო პლეი ოფში ითამაშეს და მაშინ ძლიერები პორტუგალიელები აღმოჩნდნენ - 1:1, 3:0.

⚽ რომასა და პორტუს ერთმანეთის წინააღმდეგ 4-ჯერ უთამაშიათ. პორტუგალიურ კლუბს უპირატესობა აქვს: 2 მოგება, 2 ფრე. ბურთები: 6-1. 

⚽ ჩემპიონთა ლიგაში ‘ჯალოროსის’ მონაწილეობით 10-იდან 9 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი ფიქსირდებოდა.

⚽ ჩემპიონთა ლიგაში პორტუს უკანასკნელ 4 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი ფიქსირდებოდა.

⚽ პორტუგალიურმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაში გამართული ბოლო ხუთივე მატჩი მოიგო და მანამდე კი ერთი ფრედ დაასრულა.

⚽ ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში რომამ ნახევარფინალამდე გააღწია, სადაც ლივერპულთან დამარცხდა.

⚽ ბოლოს პორტუმ ჩემპიონთა ლიგის ¼-ფინალში 2014/15 წლების სეზონში ითამაშა

⚽ ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდმა გოლი ბოლო ხუთი მატჩიდან მხოლოდ ერთში არ გაუშვა.

⚽ ყველა ტურნირში ‘ჯალოროსის’ ბოლო 6 მატჩიდან 5-ში მინუმუმ 3 გოლი გადიოდა.

⚽ კონსეისაოს გუნდმა ყველა ტურნირის ბოლო შვიდი მატჩიდან მხოლოდ ერთში ვერ შეძლო  გატანა.

⚽ პორტუმ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 4 შეხვედრაში მინიმიმუმ 3 გოლი გაიტანა.

⚽ რომა არასტაბილურად გამოდის, თუმცა შინ მაინც კარგად გამოიყურება - ჩემპიონატში საკუთარ კედლებში 11-იდან მხოლოდ ერთი მატჩი დათმო.

⚽ პორტუგალიის ჩემპიონატში პორტუმ ბოლო ორი მატჩი ფრედ დაასრულა - ბოლო ტურში მორიერენშესთან (1:1), მანამდე - გიმარაეშთან (0:0).

ედინ ჯეკომ ლიგის 4 მატჩში 5 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი მიითვალა

სავარაუდო შემადგენლობები

რომა (4-2-3-1): მირანტე - ფლორენცი, მანოლასი, ფასიო, კოლაროვი - ნ’ზონზი, დე როსი - კლუივერტი, ძანიოლო, ელ შაარავი - ჯეკო.

პორტუ (4-4-2): კასილიასი - მილიტაო, ფელიპე, პეპე, ტელესი - ოტავიო, დანილო, ერერა, ბრაჰიმი - ფერნანდო, სოარეში. 

კომენტარები

ბოლო ამბები