Thumbnail

ტალახაძე 2018 წლის საუკეთესო ძალოსანია - მსოფლიომ ლაშა ისევ აღიარა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ წლის სპორტსენები გამოავლინა
  • 25 წლის ქართველმა ძალოსანმა გამოკითხვაში ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა

ლაშა ტალახაძე მსოფლიოს 2018 წლის საუკეთესო ძალოსანი მამაკაცია. ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ქართველმა მძიმეწონოსანმა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში დამაჯერებლად გაიმარჯვა.

25 წლის ლაშა ტალახაძეს, რომელმაც შარშან მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონობა კარიერაში მესამედ მოიპოვა, გამოკითხვაში მხარი დაახლოებით 17 800-მა ადამიანმა დაუჭირა. შეგახსენებთ, რომ შარშან აშხაბადში ჩატარებულ პლანეტის პირველობაზე ტალახაძემ 3 ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო რეკორდი 7-ჯერ დაამყარა. მანამდე კი ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

ტალახაძე ამ ჯილდოს კარიერაში მეორედ მიიღებს

გულშემატკივრებმა 2018 წლის საუკეთესო ქალ ძალოსნად ესპანელი ლიდია ვალენტინი (-81) დაასახელეს. 34 წლის ძალოსანი ოქროს მედალს როგორც ევროპის, ისე მსოფლიოს ჩემპიონატზე დაეუფლა. ლიდიამ გამოკითხვაში 13 ათასი ხმა მიიღო.

ლიდია ვალენტინი და ლაშა ტალახაძე თბილისში დაჯილდოების ცერემონიალზე

აღსანიშნავია, რომ წინა წელს ჩატარებულ ანალოგიურ გამოკითხვაშიც გამარჯვებულები სწორედ ლაშა ტალახაძე და ლიდია ვალენტინი გახდნენ. დაჯილდოების ცერემონიალის დრო და ადგილი მოგვიანებით გაირკვევა. შარშან კი ტალახაძე და ვალენტინი თბილისში დაჯილდოვდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები