Thumbnail

როგორ მუშაობს ჩინური მაფია - მეტოქეების მოსყიდვა და მანიპულაციები მე-4 ლიგაში

გოტფრიდ ლენცი პროფილის ფოტო
გოტფრიდ ლენცი
  • 60 000 ევრო 'უეჭველი მოგებისთვის' და მეტოქეების მოსყიდვა
  • 3-ვარსკვლავიან სასტუმროში მოწყობილი ოფისი
  • როგორ ახერხებენ ჩინელები თამაშების ჩაწყობას

ვერნიგეროდე პატარა ქალაქია გერმანიაში. ზახსენ-ანჰალტის მხარეში, ჰარცის რაიონში მდებარეობს. როგორც ირკვევა, სწორედ აქედან ახერხებს ჩინური მაფია გერმანიის მეოთხე ლიგაში მატჩების მანიპულირებას.

მათ ოფისი 3-ვარსკვლავიან სასტუმროში (Alt Wernigeröder Hof) აქვთ მოწყობილი. ოფიციალურად, ეს არის სპორტის მარკეტინგის სააგენტო Star Movement, რომლის წარმომადგენლებმა გერმანიის რანგით მეოთხე ლიგაში მატჩების მანიპულირება სცადეს. ისინი ზახსენ-ანჰალტის, ზახსენისა და ბრანდენბურგის მხარეების კლუბების დაუფლებას და ამ კლუბებით მანიპულირებას ცდილობდნენ.

მათ ოფისი 3-ვარსკვლავიან სასტუმროში (Alt Wernigeröder Hof) აქვთ მოწყობილი

Star Movement-ის წარმომადგენლები ახლა სასტუმროში არ არიან. იქ ჩვენს გერმანელ კოლეგებს უთხრეს, რომ ჩინეთში გაემგზავრნენ, თუმცა ნომრები ისევ დაჯავშნილი აქვთ და, წესით, მალე უნდა დაბრუდნენ.

საიდან გაჩნდა ინფორმაცია, რომ Star Movement ცდილობდა, გერმანული კლუბებისთვის ფეხბურთელების მოსყიდვა ეიძულებინა? საეჭვო ჩინური კომპანიის შესახებ პირველად ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონალლიგის გუნდმა, ხემნიტცმა განაცხადა. ხემნიტცელებმა გერმანიის ჩრდილო-აღმოსავლეთის საფეხბურთო კავშირს და ქალაქის პროკურატურას მიმართეს.

ხემნიტცის არენა - 'შტადიონ ან დერ გელერტშტრასე'

როგორ აპირებდნენ ჩინელები თამაშების მანიპულირებას?

კლუბებთან კონტაქტის დასამყარებლად, თავიდან კლუბებს სპონსორობას სთავაზობდნენ. სასპონსორო შეთავაზება იმდენად მიმზიდველი იყო, რომ კლუბების დიდი ნაწილი ადვილად დათანხმდებოდა. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ კი Star Movement კლუბებს მოულოდნელ ბონუსს სთავაზობდა - 60 000 ევრო ‘უეჭველი მოგების’ სანაცვლოდ... ნაღდი ფულით! ‘უეჭველი მოგება’ კი იმას ნიშნავდა, რომ კლუბს მეტოქე გუნდის ფეხბურთელები უნდა მოესყიდა, გამარჯვება ეყიდა, Star Movement-ის წარმომადგენლები კი ამაზე დიდ ფსონებს დადებდნენ…

VFB გერმანია ჰალბერშტადტმა ჩინურ კომპანიასთან თანამშრომლობის კონტრაქტი გააფორმა

ხემნიტცმა Star Movement-ის ამ შეთავაზებაზე უარი თქვა. გაზეთ ‘ბილდის’ ინფორმაციით, ამავე კომპანიამ შარშან ფიურსტენვალდეს უნიონსაც გაუკეთა ასეთივე შეთავაზება, რომლისგანაც ასევე უარი მიიღო. გამოძიება დაწყებულია და ცდილობენ, გაარკვიონ, კიდევ რომელ კლუბებთან აქვს კავშირი ხსენებულ ჩინურ ფირმას. 

ცნობილია, რომ ერთ კლუბში ნამდვილად შეაღწიეს - 2018 წლის 30 ნოემბერს მათ ჰალბერშტადტის გერმანიასთან თანამშრომლობის კონტრაქტი გააფორმეს. იმავე დღეს, გუნდი ბაბელსბერგთან 1:3 დამარცხდა. სწორედ ამ თამაშს მოჰყვა სკანდალი, რომელშიც ფრაიბურგის თავდამსხმელის, ნილს პეტერსენის მამა, 58 წლის ანდრეას პეტერსენი გაეხვა. ეს უკანასკნელი ჰალბერშტადტელთა მენეჯერი იყო და, გავრცელებული ცნობებით, ბაბელსბერგის ფეხბურთელების მოსყიდვა სცადა.

უფროსი პეტერსენი ბრალდებებს უარყოფს, მაგრამ ფეხბურთიდან გარკვეული დროით მოკვეთა და ფულადი ჯარიმაც ემუქრება. ამ ამბავს მაგდებურგის პროკურატურა იძიებს.

სხვათა შორის, გუშინ, ჰალბერშტადტმა ერფურტში 2:0 მოიგო და უფროსი პეტერსენი იმ თამაშზე არ ყოფილა. სამაგიეროდ, ამ გერმანულ კლუბს ახლა ჩინელი პრეს-მდივანი ჰყავს...

მეტი ამ თემაზე

 

კომენტარები

ბოლო ამბები