Thumbnail

როგორ შეცვალა იოზილმა ქართველი დიზაინერის ცხოვრება - ბაჩო ლაგვილავას ამბავი

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ნიჭიერ დიზაინერს საბუთები გამზადებული ჰქონდა და ქვეყნიდან მიდიოდა
  • დღეს, ბაჩო ლაგვილავა ფეხბურთის ფედერაციის ვიზუალური კონტენტის მენეჯერია

ბაჩო ლაგვილავა პროფესიით ვიდეომონტაჟის რეჟისორია, 28 წლისაა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობს. ბაჩო 2007 წლიდან ლონდონის არსენალის გულშემატკივარია და ლონდონური გუნდის დამსახურებაა, რომ ფოტოშოპის და ვიდეომონტაჟის შესწავლა დაიწყო.

ბაჩოს ცხოვრებაში გარდამტეხი იყო მესუთ იოზილზე შექმნილი ნამუშევარი, რომელიც თავად ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში თავის გვერდზე განათავსა და ამასთან, ავტორს საჯაროდ მადლობა გადაუხადა. სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ, ბაჩოს საქართველო ფეხბურთის ფედერაციიდან დაუკავშირდნენ და სამსახური შესთავაზეს. არადა, მას უკვე საბუთები ჰქონდა გამზადებული და ქვეყნიდან მიდიოდა. როგორც ბაჩო აღნიშნავს, რამდენიმე დღით გვიან რომ დაერეკათ ფედერაციიდან, ის უკვე უცხოეთში იქნებოდა. დღეს, ბაჩო სფფ-ს ვიზუალური კონტენტის მენეჯერია.

ბაჩო ლაგვილავას ნამუშევარი და მესუთ იოზილის მადლობა

Nice one! 👍😉 #eagle #DFBTeam #FirstNeverFollows #ThanksToLagvilava7

Posted by Mesut Özil on ოთხშაბათი, 01 ივნისი, 2016

საინტერესოა, რომ მესუთ იოზილამდე, ბაჩო ლაგვილავას ნამუშევარი ალექსის სანჩესმა განათავსა საკუთარ გვერდზე, თუმცა გერმანელისგან განსხვავებით, ავტორი დამალა და შესაბამისად, არც მადლობა გადაუხდა. ასე შეცვალა იოზილის ერთმა სწორმა საქციელმა ერთი თბილისელი დიზაინერის ბედი და ცხოვრება. აღსანიშნავია, რომ ბაჩო ლაგვილავამ ლონდონის არსენალის მიერ გამოცხადებულ ერთ-ერთ კონკურსშიც გაიმარჯვა: მან არსენალი-მანჩესტერ სიტის წინასამატჩო პოსტერი შექმნა, რამაც მრავალ ნამუშევარს შორის პირველი ადგილი დაიკავა.

ბაჩოს ნამუშევარი, რომელმაც კონკურსში გაიმარჯვა

AT LAST... MATCHDAY! 🔴 🎨 Graphic credit: Lagvilava7 on Twitter, who won our competition to design a cover photo for us! 👏

Posted by Arsenal on შაბათი, 11 აგვისტო, 2018

ბაჩოს ერთი წამითაც არ უნანია, რომ ქვეყნიდან წასვლა გადაიფიქრა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დაიწყო მუშაობა. თბილისში ისეთი შესაძლებლობები გაუჩნდა, რაზეც იქამდე არც კი უოცნებია. როგორც თვითონ ამბობს, ფეხბურთი სულ სხვა კუთხით დაინახა, რადგან პირადი და უშუალო ურთიერთობა აქვს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებთან, მათთან, ვისაც იქამდე მხოლოდ შორიდან გულშემატკივრობდა. ბაჩოს თქმით, საქართველოს ნაკრები ერთი დიდი ოჯახია და ფეხბურთელები მუდამ მზად არიან ერთმანეთს დაეხმარონ.

ბაჩო განსაკუთრებით ემოციურად საუბრობს, როდესაც საქმე საქართველოს ნაკრებს და მის საქმიანობას ეხება: “ფეხბურთის ფედერაციაში საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო საქმე მაქვს. მიხარია, რომ შემიძლია ნებისმიერი გოლი, ფინტი და ემოცია დავაფიქსირო და შემდეგ გულშემატკივრამდე მივიტანო. ერთა ლიგაზე ბევრი ასეთი მომენტი იყო და მიხარია, რომ ამ პროცესის მონაწილე მეც ვიყავი. საერთო ჯამში, ყველანი ერთ საქმეს, ქართული ფეხბურთს განვითარებას და წინსვლას ვემსახურებით. შესაბამისად, ეს პასუხისმგებლობასთან ერთად, ძალიან დიდი მოტივაციაცაა, რაც სამუშაო პროცესს სასიამოვნოს და კარგს ხდის”.

ბაჩო ლაგვილავას დიზაინით შექმნილი ეროვნული ნაკრების ამუნიცია

ბაჩო ლაგვილავაზე საინტერესოდ საუბრობს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მარკეტინგის მენეჯერი ზურა სუხიშვილი, რომელმაც აიყვანა კიდეც საკუთარ გუნდში ნიჭიერი დიზაინერი…

“ბაჩო ლაგვილავამ მესუთ იოზილის ისტორიით მიიპყრო ჩვენი ყურადღება და როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ძალიან საინტერესო ნამუშევრებს ქმნიდა. მივაწვდინეთ ხმა, შევხვდით, ვისაუბრეთ და აღმოჩნდა ფეხბურთის ენთუზიასტი, ძალიან ბევრი უნარით აღჭურვილი და უზომოდ შრომისმოყვარე ადამიანი. პირველივე შეხვედრიდან დავიწყეთ მუშაობა და მას შემდეგ, 400-მდე ვიდეო რგოლი და უამრავი პოსტი შეიქმნა. მომავალში კიდევ სხვა მიმართულებები გვინდა ვცადოთ და უფრო საინტერესო გავხადოთ ჩვენი კონტენტი”. - ამბობს ზურა სუხიშვილი.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მარკეტინგის მენეჯერს ბაჩოს ყველა ნამუშევარი მოსწონს, თუმცა გამორჩევაც შეუძლია: “ყველაფერი, რასაც ბაჩო და ჩვენი გუნდი აკეთებს, საინტერესოა, მაგრამ გამოვარჩევდი ნაკრების ახალი სათამაშო ფორმის დიზაინს. ბევრი ვიკამათეთ ერთმანეთში თითოეულ დეტალზე და შედეგიც მივიღეთ. ასევე, ძალიან მომწონს საქართველო - ირლანდიის წინასამატჩო ვიდეო. შექმნის პროცესიც სახალისო იყო და ვიდეოც კარგი გამოვიდა. ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ვიდეოა”.

საქართველო - ირლანდიის წინასამატჩო ვიდეო

🇬🇪 🇮🇪 2 სექტემბერს, 20:00 საათზე საქართველოს ეროვნული ნაკრები "დინამო არენაზე" ირლანდიის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს! 🔥 ⚽ მატჩის ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ინტერნეტის საშუალებით, ლინკზე 👉 www.tkt.ge/football ბილეთის ფასი 5,10,15 და 25 ლარია

Posted by Georgian Football Federation on პარასკევი, 18 აგვისტო, 2017

კომენტარები

ბოლო ამბები