Thumbnail
  • უნიკახას ქართველ ცენტრს რეალსა და მანრესასთან ბრწყინვალე თამაში დაუფსდა 
  • შერმადინი ლიგაში საუკეთესოდ ამერიკელ დომინიკ სატონთან ერთად დასახელდა
  • 29 წლის კალათბურთელი ესპანეთში თვის მოთამაშედ კარიერაში მეოთხედ აღიარეს

მალაგის უნიკახას ქართველი კალათბურთელი გიორგი შერმადინი, ამერიკელ დომინიკ სატონთან ერთად, ესპანურ ლიგაში თებერვლის ყველაზე სასარგებლო მოთამაშედ დაასახელეს. უნიკახამ ჩემპიონატის მე-19 და მე-20 ტურში, შესაბამისად, რეალი და მანრესა დაამარცხა, მალაგელთა 29 წლის ქართველი ცენტრის სარგებლიანობის კოეფიციენტი კი ორივე მატჩში 27 ბალს შეადგენდა. ასეთი მაღალი მაჩვენებელი გასულ ორ ტურში მხოლოდ სან პაბლო ბურგოსის ამერიკელ ლეგიონერს ჰქონდა.

შერმადინმა ბრწყინვალედ თვის პირველ შეხვედრაში რეალთან ითამაშა, რომელიც უნიკახამ ოვერტაიმში მოიგო (103:102). იმ მატჩში ქართველი ლეგიონერის ანგარიშზე 18 ქულა და 10 მოხსნა იყო. გიორგიმ არც ბოლო ტურში მანრესა დაინდო - 19 ქულა ჩაუგდო, ბურთი კი 5-ჯერ მოხსნა. უნიკახამ ამ მატჩშიც დრამატულად, ანგარიშით 99:97 გაიმარჯვა. 

გიორგი შერმადინის ჰაილაითები მანრესასთან

ამ ორ ტურში შერმადინის საშუალო სტატისტიკა: 18,5 ქულა, 7,5 მოხსნა, რეალიზებული ორქულიანების 81% (13/16) და საჯარიმოების 73% (11/15), სარგებლიანობის კოეფიციენტი კი - 27 იყო.

შერმადინი მანრესასთან მოგებულ მატჩში MVP-ად დასახელდა

ეს მეოთხე შემთხვევაა, როდესაც გიორგი შერმადინს ესპანეთში თვის MVP-ად ასახელებენ. უწინ ეს აღიარება ქართველს 2016/17 წლების სეზონში, იანვარში, მარტსა და მაისში ჰქონდა, როდესაც ანდორას ღირსებას იცავდა.

ACB ლიგაში გასული 20 ტურის შემდეგ უნიკახას 13 მოგება და 7 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში 26 ქულით მეოთხე ადგილზეა. ჩემპიონატში მარტამდე პაუზაა, მომდევნო მატჩს შერმადინის გუნდი კი 3 მარტს, სტუმრად ბასკონიასთან ჩაატარებს.  

ლიგა ენდესას 2018/19 წლების სეზონში, შერმადინისა და სატონის გარდა, თვის საუკეთესო კალათბურთელებად თორნიკე შენგელია (ოქტომბერი), ხავიერ ბეირანი (ნოემბერი), კოსტას ვასილეიადისი (დეკემბერი) და კოლტონ აივერსონი (იანვარი).

კომენტარები

ბოლო ამბები