Thumbnail

NBA | ლებრონმა დაცვას უნდა მიხედოს! ფილადელფიამ ლეიკერსს 143 ქულა ჩაუგდო

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ფილადელფიამ ლეიკერსი გაანადგურა და ეს ჯოელ ემბიიდის დამსახურებაა
  • ლებრონ ჯეიმსმა და კომპანიამ დაცვაში თამაშზე ფაქტობრივად უარი თქვეს

ლოს ანჯელეს ლეიკერსი სტაბილურობის შენარჩუნებას ვერ ახერხებს - ლებრონ ჯეიმსის გარშემო აწყობილი გუნდი ხან იგებს, ხანაც აგებს და 56 თამაშის შემდეგ დასავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზეა (28 მოგება, 28 წაგება). თუ ასე გაგრძელდება და ლეიკერსი სტაბილურად ვერ მოიგებს, ლებრონს პლეი ოფში ვერ ვნახავთ. ლოს ანჯელესელები ამჯერად ფილადელფიასთან დამარცხდნენ - 120:143!

ლებრონ ჯეიმსმა 18 ქულა, 10 მოხსნა და 9 პასი დააგროვა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამმაგ დუბლამდე ერთადერთი ასისტი დააკლდა, მაგრამ დაცვაში ის ისევე სუსტი იყო, როგორც მისი თანაგუნდელები. პირველივე მეოთხედში გამოჩნდა, რომ გუნდები შეტევაზე უფრო იყვნენ ორიენტირებულები, ვიდრე დაცვაზე - მეოთხედი ლეიკერსმა 40:39 მოიგო. ამის შემდეგ, ფილადელფიამ დაცვასაც მიხედა. დაცვაშიც და შეტევაშიც შესანიშნავი იყო სიქსერსის ლიდერი ჯოელ ემბიიდი: 24 წლის ცენტრმა საბოლოოდ ორმაგი დუბლი შეასრულა - 37 ქულითა და 14 მოხსნით. მას კარგად აუბა მხარი ახალწვეულმა ტობიას ჰარისმა, რომლის ანგარიშზე 22 ქულაა. ლეიკერსის მხრიდან საუკეთესო შედეგი კაილ კუზმას ჰქონდა - მან 39 ქულა დააგროვა.

ლებრონ ჯეიმსი და ბენ სიმონსი

საბოლოოდ, ფილადელფიამ უპრობლემოდ მოიგო, აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა და სიქსერსის პლეი ოფში გასვლას საფრთხე არ ემუქრება. ლეიკერსს ჯერ კიდევ ძალიან კარგი შანსი აქვს, რომ პლეი ოფში გავიდეს, მაგრამ ამისათვის დაცვა უნდა გააძლიეროს 400-ზე მეტი მიღებული ქულა ბოლო 3 თამაშში ლეიკერსისთვის მეტისმეტია. გაგახსენებთ, რომ ბოსტონთან 1 ქულით მოგებამდე (129:128), ლოს ანჯელესელები ინდიანა პეისერსთანაც დიდი ანგარიში განადგურდნენ (94:136).

📺 ვიდეო: ჯოელ ემბიიდის ორმაგი დუბლი ლეიკერსთან

კომენტარები

ბოლო ამბები