Thumbnail
  • იუვენტუსმა სასუოლო 3:0 დაამარცხა
  • კრიშტიანო რონალდოს გარდა, ხედირამ და ემრე ჯანმა გაიტანეს
  • ტურინული გრანდი ნაპოლის უკვე 11 ქულით უსწრებს

პარმასთან 3:3 დროებითი ჩავარდნა იყო - ტურინის იუვენტუსმა ეს სასუოლოსთან დაამტკიცა, რომელსაც სტუმრად 3:0 მოუგო. ეს იმასაც ნიშნავს, რომ იუვეს მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ დაცვის ხაზი დაალაგა - სასუოლო გამტანი გუნდია, მაგრამ მარტინ კასერესისა და დანიელე რუგანის წყვილმა დაცვის ცენტრში ამჯერად კარგად ითამაშა. როგორც იცით, ჯორჯო კიელინი და ლეონარდო ბონუჩი ტრავმირებულები არიან. აღსანიშნავია, რომ გამოჯანმრთელდა ვეტერანი ანდრეა ბარძალი, რომელიც სასუოლოსთან განაცხადში იყო.

კრიშტიანოს სერია A-ში უკვე 18 გოლი აქვს ბომბარდირებში პირველ ადგილზეა

ალეგრიმ კვლავ როტაციას მიმართა. მან პაულო დიბალა სათადარიგოთა სკამზე დატოვა და თამაშში მხოლოდ 83-ე წუთზე ჩართო. კრიშტიანო რონალდომ 90 წუთი ითამაშა და გოლთან ერთად, საგოლე პასიც ჩაიწერა - პორტუგალიელმა ჯერ კუთხურიდან თავით გაიტანა, მერე კი ემრე ჯანს გაატანინა. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი მოედანზე 1 წუთის შესული იყო, როცა რონალდოს პასით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

როგორც იცით, იუვეს უახლოესმა მდევარმა ნაპოლიმ ფლორენციაში 0:0 ითამაშა - ამრიგად, იუვენტუსი კარლო ანჩელოტის გუნდს უკვე 11 ქულით უსწრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტურინელთა ზედიზედ მერვე ჩემპიონობა ფაქტობრივად უკვე გარდაუვალია. მომდევნო ტურში იუვე ფროზინონეს უმასპინძლებს და ეს ატლეტიკოსთან უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ კარგი ვარჯიში იქნება...

სასუოლო 0:3 იუვენტუსი

გოლები: 0:1 ხედირა (23), 0:2 რონალდო (70), 0:3 ემრე ჯანი (86)

იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - დე შილიო, კასერესი, რუგანი, ალექს სანდრო - ხედირა (66. ბენტანკური), პიანიჩი, მატუიდი (85. ემრე ჯანი) - ბერნარდესკი (83. დიბალა), მანჯუკიჩი, რონალდო.

კომენტარები

ბოლო ამბები