• ჩემპიონის სასწაული: მე-20 პოზიციიდან მე-4 ადგილზე
  • ბრაზილიის გრანპრი ფეტელმა მოიგო
  • გერმანელი თავს ვიცე-ჩემპიონობით დაიმშვიდებს

სებასტიან ფეტელმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის დაკარგვით გამოწვეული დარდი ოდნავ განიქარვა: ფერარის გერმანელმა პილოტმა ბრაზილიის გრანპრი მოიგო და ვიცე-ჩემპიონის ტიტულს მიუახლოვდა.

ფეტელის გამარჯვება პირველ რიგში მისი შესანიშნავი სტარტ-მანევრის დამსახურებაა. საბოლოლოოდ მან ვალტერი ბოტასს (მერსედესი) და კიმი რაიკონენს (ფერარი) აჯობა. თუმცა, ბრაზილიის გრანპრის მთავარი გმირი მაინც ლუის ჰემილტონი იყო, რომელმაც ჩემპიონის ტიტულის ნაადრევად მოპოვების შემდეგ სან პაულოში იმდენი მოახერხა, რომ მეოცედან მე-4 ადგილამდე დაწინაურება შეძლო, რაც რეკორდის გამეორებაა.

16 პოზიციით დაწინაურების ფაქტი ბრაზილიის გრანპრიზე ბოლოს 1992 წელს დაფიქსირდა, როცა ჯანი მორბიდელიმ და უკიო კატაიამამ 23-ე და 25-ე სასტარტო პოზიციებიდან მე-7 და მე-9 ადგილების დაკავება მოახერხეს.

სებასტიან ფეტელი ვალტერი ბოტასს 22 ქულით უსწრებს. გერმანელი ვიცე-ჩემპიონის ტიტულს მიუახლოვდა

რაც შეეხება ფეტელს: მისთვის ეს ამ სეზონში მეხუთე გამარჯვება იყო. გერმანელს ბოლო გრანპრი ივლისში ჰქონდა მოგებული (უნგრეთი), მას მერე კი პირველ ადგილზე გასვლას ვეღარ ახერხებდა და უიღბლობების კასკადისა და შეცდომების გამო ჩემპიონობაც დაკარგა. სამაგიეროდ, ფეტელი ძალიან ახლოსაა ვიცე-ჩემპიონობასთან, რადგან სეზონის დასრულებამდე მხოოდ აბუ დაბის გრანპრი (ნოემბრის ბოლოს) დარჩა, ფეტელი კი ვალტერი ბოტასს 22 ქულით უსწრებს. ამრიგად, ფეტელისთვის აბუ დაბიში ვიცე-ჩემპიონობისთვის მე-8 ადგილის დაკავებაც საკმარისი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები