Thumbnail
  • რუმინეთი 9:18 საქართველო
  • საქართველომ რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოგებით დაიწყო
  • ბორჯღალოსნებმა მთავარი მეტოქე სტუმრად დაამარცხეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი შეხვედრა სტუმრად რუმინეთში გამართა, სადაც 'კლუჟი არენაზე'  რუმინეთს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 18:9 დაამარცხა. 'ბორჯღალოსნებმა' მეტოქეს ორი ლელო დაუდეს.

UPDATE: დალევა ბუციდან, ცეკვა გასახდელში - როგორ იზეიმეს ბორჯღალოსნებმა

შეხვედრა რუმინეთისა და საქართველოს 300-წლიან ურთიერთობას მიეძღვნა. ამ ნაკრებებს შორის მეთვრამეტედ გათამაშდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასი, რომელსაც საქართველო მეთორმეტედ დაეუფლა.

ამასთან, თამაშის დაწყების წინ ვალენტინ კალაფეტეანუ დააჯილდოვეს, რომელმაც რუმინეთის ნაკრების რიგებში მე-100 შეხვედრა ჩაატარა და ცენტურიონი გახდა.

'კლუჟი არენაზე' მასპინძლები უკვე მე-8 წუთზე დაწინაურდნენ - პირველი სამი ქულა ფლორიან ვლაიკუს ჯარიმით მოიპოვეს. თამაშის დასაწყისში 'ბორჯღალოსნები', როგორც შეტევაში, ისე დაცვაში, ბევრ შეცდომას უშვებდნენ და 27-ე წუთზე ფლორიან ვლაიკუმ მეორე ჯარიმაც გაიტანა. რუმინეთი 6 ქულით დაწინაურდა.

პირველ ნახევარში ორი ჯარიმის გატანის შანსი ჰქონდა თედო აბჟანდაძეს, თუმცა ახალგაზრდა 'ბორჯღალოსანმა' მხოლოდ ერთი გამოიყენა და 39-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა შეამცირა.

თედო აბჟანდაძის ზუსტი ჯარიმა

საქართველოს ნაკრებს ტაიმის ბოლოს რამდენიმე შანსი ჰქონდა, მაგრამ 'ბორჯღალოსნებმა' მომენტები ვერ გამოიყენეს და ტაიმი ანგარიშით 3:6 დათმეს.

მეორე ნახევარი მილტონ ჰეიგის გუნდისთვის იდეალურად დაიწყო. აფციაურის ბრწყინვალე გარბენისა და ცრუმოძრაობის შემდეგ, ბურთი ჩათვლის მოედანში გურამ გოგიჩაშვილმა დაამიწა, თუმცა მსაჯმა საჯარიმო ლელო ჩათვალა და საქართველოს ნაკრები ანგარიშში პირველად დაწინაურდა - 10:6. 

საჯარიმო ლელო რუმინეთთან

მატჩის 65-ე წუთზე 'ბორჯღალოსნებმა' მეორე ლელო გაიტანეს. ბექა გორგაძემ დაახლოებით 25-მეტრიანი რეიდი განახორციელა და რუმინელებს ბრწყინვალე ლელო დაუდო. აბჟანდაძემ გარდასახვა ვერ გაიტანა და საქართველოს ნაკრებს 9-ქულიანი უპირატესობა დარჩა - 15:6.

ბექა გორგაძის მე-6 ლელო ნაკრებში

72-ე წუთზე ფლორიან ვლაიკუმ კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და ანგარიშში სხვაობა 6 ქულამდე შეამცირა - 9:15. ჰეიგმა დარჩენილ დროში მინდორზე თორნიკე მატარაძე და ვანო კარკაძე შეიყვანა. კარკაძეს ნაკრების რიგებში დებიუტი ჰქონდა. 18 წლის მორაგბემ 'ბორჯღალოსნების' კვართი პირველად მოირგო.

მატჩის მიწურულს თედო აბჟდანძემ კიდევ ერთი ჯარიმა გამოიყენა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 18:9.

თედო აბჟანდაძის ბოლო ჯარიმა

საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოგებით დაიწყო. 'ბორჯღალოსნების' მომდევნო მეტოქე ესპანეთი იქნება. შეხვედრა 17 თებერვალს თბილისში შედგება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

15 ლაშა ხმალაძე, 14 სანდრო თოდუა 13 მერაბ შარიქაძე (კაპიტანი), 12 გიორგი კვესელაძე, 11 ზურაბ ძნელაძე, 10 თედო აბჟანდაძე 9 ვასილ ლობჟანიძე, 1 გურამ გოგიჩაშვილი, 2 შალვა მამუკაშვილი, 3 ბექა გიგაშვილი, 4 დავით გიგაური, გიორგი ნემსაძე, 6 ბექა საღინაძე, 7 გიორგი ცუცქირიძე, 8 ბექა გორგაძე.

სათადარიგოები: 16 ვანო კარკაძე, 17 თორნიკე მატარაძე, 18 ლევან ჩილაჩავა, 19 ნოდარ ჭეიშვილი, 20 გიორგი თხილაიშვილი, 21 გელა აფრასიძე, 22 მირიან მოდებაძე, 23 გიორგი აფციაური

კომენტარები

ბოლო ამბები