Thumbnail
  • 📅 9 თებერვალი | ⌚ 21:00 | ⚽ ფიორენტინა V ნაპოლი
  • ნაპოლი სკუდეტოსთვის ბრძოლას ჯერ კიდევ აგრძელებს
  • ფლორენციელებს 6-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ 
  • ეს გუნდები უფრო კარგად უტევენ, ვიდრე თავს იცავენ

სერია A-ს 23-ე ტურში ჩემპიონობისთვის ჯერ ისევ მებრძოლი ნაპოლი სტუმრად ფლორენციაში ჩადის, სადაც ფიორენტინას დაუპირისპირდება. თავშივე უნდა ითქვას, რომ  ‘არტემიო ფრანკიზე’ უხვგოლიანი თამაშის მოლოდინი უსაფუძვლო არაა - ნაპოლი გატანილი გოლების რაოდენობის (42) მხრივ ჩემპიონატში მესამე გუნდია, ფიორენტინა კი ბოლო მატჩებში არამხოლოდ ‘მეტობის’ ნიშნით გამოირჩევა - ყველა ტურნირში ბოლო ხუთი თამაშიდან სამი მოიგო და არცერთი დათმო, სულ კი გაიტანა 17 და გაუშვა 8 გოლი. 

ფაქტია, ეს გუნდები უფრო წარმატებით უტევენ, ვიდრე თავს იცავენ და თამაშსაც თავდასხმაზე აგებენ.

ფიორენტინა 

რა შეიძლება ითქვას სტეფანო პიოლის გუნდზე, რომელიც ჯერ იტალიის თასზე რომას ანადგურებს (7:1), შემდეგ კი ჩემპიონატში ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ უდინეზესთან ფრედ (1:1) თამაშობს? პასუხი მარტივია - ასეთ გუნდს სერია A-ში მაღალი ადგილის დაკავებისთვის ბრძოლის თავი ჯერჯერობით არ აქვს. ამჟამად ‘იები’ (31 ქულა) ცხრილში მეცხრე ადგილს ტორინოსთან იყოფენ. ამასთან, ფლორენციელები ბოლო მატჩებში განსაკუთრებულ შედეგს ვერც საკუთარ მოედანზე აჩვენებენ - ბოლო 6 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მოიგეს, სამჯერ ფრეს დასჯერდნენ და ორჯერ წააგეს.

21 წლის ფედერიკო კიეზამ ყველა ტურნირის ბოლო 5 მატჩში 7 გოლი გაიტანა 

ფიორენტინას მომავალ მატჩში დისკვალიფიკაციის გამო მცველი ნიკოლა მილენკოვიჩი და ნახევარმცველი მარკო ბენასი ვერ დაეხმარებიან. 

ნაპოლი

ნაპოლი სერია A-ს ბოლო სამ სეზონში ორჯერ ვიცე-ჩემპიონობით დაკმაყოფილდა და ჯერჯერობით ისე ჩანს, მიმდინარეშიც ეს იქნება მისი მაქსიმუმი. ამავდროულად, კარლო ანჩელოტის გუნდში ახალი ეპოქა იწყება. წასასვლელად მარეკ ჰამშიკი ემზადება (სულ ახლახან ჩინეთში ტრანსფერთან იყო ახლოს), რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო მისი სიმბოლო. იტალიურ მედიაში კი უკვე დაწერეს, რომ კლუბი ზაფხულში ტრანსფერებში 200 მილიონ ევროს დახარჯავს… იქამდე ნაპოლის შანსი ჯერ კიდევ აქვს, ისარგებლოს იუვენტუსის დაცვის ხაზში ბოლო დროს არსებული საკადრო პრობლემებით და სხვაობა როგორმე შეამციროს. 

პოლონელი ფორვარდი არკადიუშ მილიკი 12 გატანილი გოლით ნაპოლის საუკეთესო ბომბარდირია

22 ტურის შემდეგ ანჩელოტის შეგირდები ცხრილში მეორეზე არიან, 51 ქულა აქვთ და 11-ით უსწრებენ უახლოეს მდევარ ინტერს, ლიდერ იუვენტუსს კი 9-ით ჩამორჩებიან. გუნდის წაუგებელი სერია ახლა ოთხ მატჩს შეადგენს, მოპოვებული 10 ქულით, თუმცა ანჩელოტის შეგირდები სტუმრად ისევე კარგად მაინც ვერ გამოიყურებიან, როგორც შინ. თვალსაჩინოებისთვის, ჩემპიონატში ნაპოლის ბოლო 4 მარცხი, საიდანაც 3 ამ სეზონზე მოდის, სტუმრად დაფიქსირდა. 

კარლო ანჩელოტის ფლორენციაში ტრავმირებული ვლად კირიკეშის იმედი არ ექნება, ხოლო სლოვაკი ნახევარმცველის ბედი ამ მატჩში გაურკვეველია. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინურ კლუბში ბოლო წამს ჩაშლილი ტრანსფერის გამო, მარეკ ჰამშიკმა ვარჯიში პროტესტის ნიშნად გააცდინა... 

საინტერესო ფაქტები

⚽ ყველა ტურნირში ნაპოლისა და ფიორენტინას ბოლო 11 დაპირისპირებიდან, ნაპოლელებმა მხოლოდ ერთხელ წააგეს.

⚽ ჩემპიონატში ნაპოლისა და ფიორენტინას ბოლო ხუთი დაპირისპირებიდან, ორჯერ ნეაპოლელებმა მოიგეს, ერთხელ - ფლორენციელებმა, ორჯერ ფრე დაფიქსირდა.

⚽ ამ გუნდების ბოლო მატჩში, რომელიც პირველ წრეში ჩატარდა, მინიმალური ანგარიშით ნაპოლიმ მოიგო. წინა სეზონში ნაპოლიმ შინ ფრედ 0:0 ითამაშა, ფლორენციაში კი მასპინძლებმა მოიგეს - 3:0.

⚽ სერია A-სა და თასზე ამ გუნდების 7-იდან 5 დაპირისპირებაში, რომელიც 'არტემიო ფრანკიზე' ჩატარდა, გატანას ორივე გუნდი ახერხებდა.

⚽ მიმდინარე სეზონში ფიორენტინას ფრედ დასრულებული მატჩების სიმრავლით მხოლოდ ტორინო შეედრება - 10 ფრე 22 მატჩში.

⚽ ფიორენტინას, სათასო მატჩების ჩათვლით, 6 მატჩია არ წაუგია. სტეფანო პიოლის შეგირდებმა 3 შეხვედრა მოიგეს და ამდენივე ფრედ დაასრულეს.

⚽ ბოლო ტურში ნაპოლიმ შინ სამპდორია გაანადგურა (3:0) და ზედიზედ მეორე შეხვედრაში გოლი არ გაუშვა.

⚽ ნაპოლიმ სტუმრად ჩატარებული 40 მატჩიდან სულ 4 წააგო, მაგრამ აქედან 3 ამ სეზონზე მოდის (6 მოგება, 1 ფრე, 3 მარცხი). 

⚽ კარლო ანჩელოტის გუნდმა სერია A-ში გატანილი 42 გოლიდან 14 მატჩის 75-ე წუთის შემდეგ მიითვალა.

⚽ ფლორენციელებმა მიმდინარე ჩემპიონატში გაშვებული 25 გოლიდან ლამის ნახევარი - 10, მატჩის 75-ე წუთის შემდეგ მიიღო.

სავარაუდო შემადგენლობები

ფიორენტინა (4-3-3): ლაფონი - ლორინი, ჩეკერინი, პესელა, ბირაგი - ჟერსონი, ვერეტუ, ფერნანდეში - კიეზა, სიმეონე, მურელი.

ნაპოლი (4-4-2): მერეტი - მალკუ, ალბიოლი, კულიბალი, მარიუ რუი - კალეხონი, ალანი, რუისი, ზელინსკი - მილიკი, ინსინიე.

კომენტარები

ბოლო ამბები