Thumbnail
  • 📅 9 თებერვალი | ⌚ 19:15 | ⚽ ატლეტიკო V რეალი
  • ალვარო მორატა 'სამეფო კლუბის' წინააღმდეგ

შაბათს ლა ლიგის 23-ე ტურის მთავარი თამაში 'ვანდა მეტროპოლიტანოზე' გაიმართება - მადრიდული დერბი მთელი თავისი სილამაზით - დიეგო სიმეონესთვის ეს დაპირისპირება ძალიან ნაცნობია. აი, სანტიაგო სოლარი კი მწვრთნელის რანგში პირველ დერბის ატარებს - თანამემამულისგან განსხვავებით, არგენტინელი ამ რანგში დებიუტანტია...

დერბის ბომბარდირი რონალდო

ამ დაპირისპირების ისტორია 1906 წლიდან იწყება. მას მერე სულ 221 დერბი გაიმართა (ოფიციალური). რეალის უპირატესობა შთამბეჭდავია - 109:56 (56 შეხვედრა ფრით დასრულდა). თუ მხოლოდ ჩემპიონატების შეხვედრებს ვიგულისხმებთ, მაშინ გუნდებმა 161 დერბი გამართეს და რეალი 86:39-ს იგებს. 

მადრიდული დერბის ყველა დროის ბომბარდირი კრიშტიანო რონალდოა, მან ატლეტიკოს კარში 22 გოლი გაიტანა. სერხიო რამოსისთვის ეს 39-ე დერბი იქნება, თუმცა რეკორდამდე მას შაბათის შემდეგ კიდევ სამი დერბი რჩება (42-42 დერბი ითამაშეს ფრანსისკო ხენტომ და მანოლო სანჩისმა). 

ალვარო V რეალი

მორატა ატლეტიკოს წინააღმდეგ

ატლეტიკოს რიგებში არიან რეალის ყოფილი ფეხბურთელები - ფილიპე ლუიში (თუმცა მას მთავარ გუნდში არ უთამაშია), ხუანფრანი და ადანი, მაგრამ სულ სხვა დატვირთვა ექნება რეალის წინააღმდეგ ალვარო მორატას გამოჩენას. ალვარო, მართალია, ბავშვობაში ატლეტიკოში იწყებდა, მაგრამ მაინც რეალთან ასოცირდება, სადაც 2008 წლიდან ირიცხებოდა. ალვარო პირველად ითამაშებს ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ატლეტიკოს მაისურით. რეალში ამჟამად ერთი ექსატლეტიკოელია - მეკარე ტიბო კურტუა. 

სხვათა შორის, რეალის ამჟამინდელი თავკაცი სანტი სოლარი იმ ფეხბურთელთა კატეგორიას ეკუთვნის, რომელთაც ორივე მადრიდულ კლუბში უთამაშიათ. 2000 წელს ის სწორედ ატლეტიკოდან გადაბარგდა 'სამეფო კლუბში'

რეალის მძიმე გრაფიკი

მადრიდელებს უმძიმესი გრაფიკი აქვთ - ოთხშაბათს გუნდმა 'კამპ ნოუზე' ბარსელონასთან სათასო დაპირისპირებაში იომა და ახლა 'ვანდაზე' სათამაშოდ მიდის დასვენებულ ატლეტიკოსთან. მეტიც, მომდევნო ოთხშაბათს რეალს უკვე ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფი ელის - ამსტერდამში აიაქსს ხვდება. მაშინ, როცა ატლეტიკო მხოლოდ 20 თებერვალს ჩაებმება ჩემპიონთა ლიგაზე. 

მინუს ისკო

ისკოს გარდა რეალში ტრავმირებულები არ არიან. გარეთ ბეილმა სათასო ნახევარფინალში შეცვლაზე ითამაშა. დანი კარვახალმა და რაფაელ ვარანმა დისკვალივიკაცია მოიხადეს. დიდი ალბათობით, შეტევაში ფლანგებზე ისევ ლუკას ვასკესი და ვინისიუს ჟუნიორი ითამაშებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უელსელ სუპერვარსკვლავს კვლავ სათადარიგოთა სკამიდან მოუწევს თამაშში ჩართვა. 

სანტი სოლარიმ უნდა გადაწყვიტოს დაცვის მარცხენა ფლანგზე ვინ ათამაშოს, სერხიო რეგილონი თუ მარსელო. ელ კლასიკოზე მან არჩევანი გამოცდილ ბრაზილიელზე გააკეთა.

რაც შეეხება ისკოს, ტრავმის გარდა, მას ისედაც დაძაბული ურთიერთობა აქვს რეალის ხელმძღვანელობასთან და ვფიქრობთ, მისი დღეები 'სამეფო კლუბში' დათვლილია. 
დიეგო სიმეონეს გუნდში გამორიცხულია სტეფან სავიჩის თამაში, საეჭვოა დიეგო კოშტასა და კოკეს გამოჩენაც. ვარჯიში განაახლა დიეგო გოდინმა და ურუგვაელი სასტარტო 11-ეულში მოიაზრება.

მარცხენა ფრთაზე საულ ნიგესი იქნება და არა თომა ლემარი. საპირისპირო ფლანგზე კი სასტარტოში, წესით, ანხელ კორეა იქნება. დიდი ალბათობით, ახალწვეული ალვარო მორატა შეტევაში ანტუან გრიზმანს შეუწყვილდება. 

დიეგო სიმეონე თანამემამულეს გამოცდის

საინტერესო ფაქტები

⚽ ატლეტიკომ და რეალმა ბოლო 4 ურთიერთდაპირისპირება ფრედ ითამაშეს. 

⚽ ლა ლიგის ბოლო 9 საშინაო თამაშიდან 7-ში ატლეტიკომ კარი მშრალად შეინახა. 

⚽ ლა ლიგაში რეალის ბოლო 7 საგარეო მატჩიდან 6-ში 2.5 გოლზე მეტი დაფიქსირდა. 

⚽ ლა ლიგის ბოლო 6 ტურიდან 5-ში ატლეტიკოს თამაშში 2.5 გოლზე ნაკლები დაფიქსირდა. 

⚽ რეალმა ლა ლიგის ბოლო 4 ტურში, სულ მცირე, 2-2 გოლი გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - არიასი, ხიმენესი, გოდინი, ლ. ერნანდესი - ა. კორეა, როდრი ერნანდესი, თომასი, საულ ნიგესი - მორატა, გრიზმანი

რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი, ნაჩო, სერხიო რამოსი, რეგილონი - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი - ლუკას ვასკესი, ბენზემა, ვინისიუსი.

კომენტარები

ბოლო ამბები