Thumbnail
  • 📅 9 თებერვალი | ⌚ 16:00 | 🏉რუმინეთი V საქართველო | 📺პირველი არხი
  • 'ბორჯღალოსნები' ახალ სეზონს რუმინეთში გახსნიან
  • 23-ე დაპირისპირება 'სტეჟარისთან'

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 9 თებერვალს წლის პირველ შეხვედრას გამართავს. ‘ბორჯღალოსნები’ რაგბი ევროპის პირველ შეხვედრაში რუმინეთს ესტუმრებიან და ეცდებიან, რომ 2019 წელი მოგებით დაიწყონ. თამაში რუმინეთის ქალაქ კლუჟში გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება. გულშემატკივარი მატჩის ტელეტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში იხილავს.

მილტონ ჰეიგის გუნდი რაგბი ევროპის მე-11 ტიტულის მოსაგებად მზადაა. ნაკრების შემადგენლობაში სამი დებიუტანტია: დავით გიგაური, რომელიც რუმინული ბუქარესტის ღირსებას იცავს. ბექა საღინაძე და ვანო კარკაძე, რომლებიც ორიაკში თამაშობენ. გიგაური და საღინაძე სადებიუტო მატჩს სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებენ, ხოლო კარკაძე სათადარიგო შემადგენლობაშია.

ნაკრების ერთ-ერთ ლიდერი, სოსო მათიაშვილი ტრავმას მკურნალობს და აღდგენით პროცესს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გადის. ტრადიციულად, ცხრა ნომერზე ვასილ ლობჟანიძე ითამაშებს, რომლისთვისაც ეს მატჩი ნაკრებში მე-40 იქნება. სანაკრებო მატჩების რაოდენობას კიდევ ერთი მოთამაშე დაამრგვალებს - ლაშა ხმალაძე 'ბორჯღალოსანთა' რიგებში 70-ე კეპს მოიხვეჭს.

აღსანიშნავია, რომ ბორჯღალოსანთა სათადარიგო შემადგენლობაში მირიან მოდებაძე და გიორგი აფციაური იქნებიან, ისინი ნაკრებს დიდი პაუზის შემდეგ დაუბრუნდნენ.

მილტონ ჰეიგმა 3 დებიუტანტი განაცხადში შეიყვანა.

ამჟამად საქართველოს ნაკრები მსოფლიოს რეიტინგში მე-13 ადგილზეა. 'ბორჯღალოსნებს' რუმინელ 'მუხებთან' 22-ჯერ უთამაშიათ. აქედან 12 მატჩი ქართველებმა მოიგეს, 9-ჯერ რუმინელებმა იმარჯვეს და ერთი მატჩიც ფრედ დასრულდა.

საქართველოს რუმინეთთან ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი 2011 წლის მსოფლიოს თასზე აქვს მოგებული, როდესაც მეტოქეს 16 ქულით - 25:9 აჯობა. იმ მატჩის გმირი მამუკა გორგოძე გახდა, რომელმაც 56-ე წუთზე რუმინელებს ლელო დაუდო.

საინტერესო ფაქტები

🏉 საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებები ერთმანეთს 23-ედ შეხვდებიან. საქართველომ მატჩი 12-ჯერ მოიგო, რუმინეთმა - 9-ჯერ. ერთი მატჩი ფრედ დასრულდა.

🏉 ნაკრებებს შორის მეთვრამეტედ გათამაშდება ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასი, რომელიც საქართველოს 11-ჯერ, ხოლო რუმინეთს 6-ჯერ აქვს მოგებული.

🏉 ყველაზე გრძელი წაუგებელი სერია - 2011 წლიდან 2016 წლამდე საქართველოს რუმინეთთან 7-მატჩიანი ჰქონდა (6 მოგება და ერთი ფრე). ეს სერია 2017 წელს რუმინეთში დასრულდა (თუმცა შემდეგ რუმინელებს ეს მოგება გაუუქმეს).

🏉 2013 წელს ამ ნაკრებებს შორის გამართული მატჩი ფრედ, 9:9 დასრულდა.

🏉 ყველაზე დიდი სხვაობით რუმინეთმა 2006 წელს იმარჯვა, როდესაც ‘ბორჯღალოსნებს’ 25 ქულით - 35:10 მოუგო.

🏉 2016 წელს დინამო არენაზე ბორჯღალოსნებმა რუმინეთი 29 ქულით დაამარცხეს - 38:9

🏉 საქართველომ რუმინეთთან პირველი მატჩი 27:23 წააგო. ეს მატჩი ირლანდიაში გაიმართა. რუმინელებს ლელოები არჩილ ქავთარაშვილმა და ლევან ცაბაძემ დაუდეს.

🏉 ვალენტინ კალაფეტეანუ რუმინეთის ნაკრებში მე-100 მატჩს გამართავს და ცენტურიონი გახდება.
 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

უკანა ხაზი: 15 ლაშა ხმალაძე, 14 სანდრო თოდუა 13 მერაბ შარიქაძე (კაპიტანი), 12 გიორგი კვესელაძე, 11 ზურაბ ძნელაძე, 10 თედო აბჟანდაძე 9 ვასილ ლობჟანიძე

შერკინება: 1 გურამ გოგიჩაშვილი, 2 შალვა მამუკაშვილი, 3 ბექა გიგაშვილი, 4 დავით გიგაური, გიორგი ნემსაძე, 6 ბექა საღინაძე, 7 გიორგი ცუცქირიძე, 8 ბექა გორგაძე

სათადარიგოები: 16 ვანო კარკაძე, 17 თორნიკე მატარაძე, 18 ლევან ჩილაჩავა, 19 ნოდარ ჭეიშვილი, 20 გიორგი თხილაიშვილი, 21 გელა აფრასიძე, 22 მირიან მოდებაძე, 23 გიორგი აფციაური

კომენტარები

ბოლო ამბები