Thumbnail

Metro: Exodus - ახალი თაობის თამაში პოსტ-აპოკალიპტურ სამყაროზე

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • როგორც იქნა გეიმერები Metro-ს ზედაპირსაც გაიცნობენ
  • გლუხოვსკის შექმნილ სამყაროზე ახალი თაობის თამაში გამოდის
  • Exodus-ში თამაშის პრიქველებში დაშვებული შეცდომებია გათვალისწინებული

დიმიტრი გლუხოვსკი ​ახალი თაობის სამეცნიერო ფანტასტიკის მწერალია. მისმა სერიამ Metro პირველივე წიგნიდან (Metro 2033) დაიმკვიდრა ადგილი ამ ჟანრში. შეიძლება ითქვას, რომ გლუხოვსკი, ძმები, ბორის და არკადი სტრუგაცკების გზის ღირსეული გამგრძელებელია. ვინც არ იცით, ანდრეი ტარკოვსკის კინოშედევრი 'სტალკერი' სწორედ ძმები სტრუგაცკების რომანის, 'პიკნიკი გზის პირას' მიხედვითაა გადაღებული და ფილმის სცენარისტები სწორედ ეს მწერლები არიან.

გლუხოვსკი Metro-ში ერთის მხრივ, მათ დაწყებულ ხაზს აგრძელებს და ამავდროულად, ძალიან თვითმყოფად, ორიგინალურ სამყაროს და მორალურ დილემებს გვთავაზობს. თუკი სტრუგაცკების 'პიკნიკი გზის პირას' ტარკოვსკიმ კინო შედევრად გააცოცხლა და ძალიან კარგი თამაში S.T.A.L.K.E.R Shadow of Chernobyl-იც მივიღეთ, Metro-მ, ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთი მედიუმი მონახა და უკრაინელი დეველოპერი ამ სამყაროზე აგერ უკვე მესამე თამაშს უშვებს.

პირველი თამაში - მეტრო 2033 (2010) წიგნის სახელს იმეორებდა და მთავარი გმირი ყველასთვის კარგად ნაცნობი არტიომი იყო. ჩემი აზრით, კრიტიკოსები თამაშს ზედმეტად ლმობიერად მიუდგნენ და საკმაოდ მაღალი ქულები დაუწერეს, თუმცა მათაც ვერ აუარეს გვერდი იმ ფაქტს, რომ თამაშს ძალიან ბევრი ხარვეზი ჰქონდა. ყველაზე უფრო თვალსაჩინო კი ხელოვნური ინტელექტის (AI) გაუმართაობა და ვიზუალური შეცდომები იყო.

Metro 2033-ის გრაფიკულმა მხარემ გეიმერებს უკეთესის სურვილი დაუტოვა

Metro: Last Light-ში (2013) მოვლენები უკვე 2035 წელს ვითარდება და მოთამაშე კვლავ არტიომს აკონტროლებს. პირველი ვერსიის სიქველში გაუმჯობესებული იყო გრაფიკა, ხელოვნური ინტელექტი და ბევრი მნიშნველოვანი დეტალი, მაგრამ აკლდა ის, რაც ძირეულია - ხარისხიანი ამბის თხრობა, ე.წ. სთორითელინგი. კრიტიკოსები პრაქტიკულად ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ისტორია ზედმეტად სწორხაზოვანი იყო და მოთამაშის მიერ მიღებული ესა თუ ის გადაწყვეტილება თამაშის მიმდინარეობაზე საფუძვლიან ზეგავლენას ვერ ახდენდა.

Metro: Exodus ახალი თაობის თამაშია

Metro: Exodus კი სულ მალე, 2019 წლის 15 თებერვალს გამოვა და 4A Games-ის ყველაზე ამბიციური პროექტია. როგორც ბეტა ტესტერები ამბობენ, კომპანიამ გაითვალისწინა წარსულში დაშვებული შეცდომები და მომხმარებელს ახალი თაობის ვიდეო თამაშს სთავაზობს.

ადრეული ვერდიქტი

Metro: Exodus-ის შესაქმნელად დეველოპერებმა ყველა ის ტექნოლოგიური სიახლე გამოიყენეს, რომელზეც ხელი მიუწვდებოდათ. თუნდაც ის ფაქტი, რომ Last Light-ის გამოშვებიდან შემდეგ ინსტალაციამდე კომპანიამ ხუთ წელზე მეტი მოიცადა, ბევრ რამეზე მეტყველებს.

პირველი, რასაც მოთამაშე შეამჩნევს, არის ის, რომ მიუხედავად პოსტ-აპოკალიპტური სეთინგისა, სამყარო საოცრად ლამაზია. გეიმერი პირველივე წუთებიდან გრძნობს, თუ რამდენად გაცამტვერებულია სამყარო ატომური კატასტროფის შემდეგ და რამდენად მარტოა მისი პერსონაჟი დეგრადირებულ დედამიწაზე. ჩვენი პლანეტა დანგრეულია და პროტაგონისტის (რომელიც ან არტიომია, ან ანია, ან ორივე) მისია იმ მცირე უსაფრთხოების მოძებნაა, რომელიც შესაძლოა აღარც არსებობს.

მოთამაშე მთავარ პერსონაჟთან ერთად გოლიათ მატარებელზე - აურორაზე იმყოფება და იმ ადგილის მოსაძებნად, რომელსაც სახლს დაარქმევს, რუსეთში მოგზაურობს. Exodus-ში დეველოპერებმა წელიწადის ოთხივე სეზონი გაითვალისწინეს, რაც თამაშში ჩართულობის ხარისხს ზრდის.

ფრენჩაიზი, რომელიც ადრე სწორხაზოვანი ისტორიებით და სამყაროს გამოკვლევისას კლაუსტროფობიული შეგრძნებებით გამოირჩეოდა, ახლა ღია სამყაროს (ე.წ. Open World) გვთავაზობს, რაც გეიმერს მეტ თავისუფლებას აძლევს. გლუხოვსკის სამყაროს მოყვარულები თავიდან ამ სიახლემ შეაშინა, რადგან მეტი თავისუფლება, აუცილებლად უკეთეს გამოცდილებას არ გულისხმობს, თუმცა ბეტა ტესტერებმა ყველა დაამშვიდეს - ღია სამყარო სთორილაინთან იდეალურად არის ინტეგრირებული. თამაში ინარჩუნებს ყველაფერ კარგს, რაც მასში იყო და კიდევ უფრო ვითარდება.

ღია სამყარო და სეზონების ცვლილება გაუმჯობესებების მხოლოდ ნაწილია

თამაშში გმირს მოუწევს დაუპირისპირდეს, როგორც მტრულად განწყობილ ადამიანებს, ასევე მუტირებულ ცხოველებს. იარაღებს ძირითადად ნაწილ-ნაწილ ააწყობთ, რაც Exodus-ს კიდევ უფრო მეტ რეალიზმს სძენს. ხელოსნობა (Crafting) თამაშის ძირეული ნაწილია.

პირველი შთაბეჭდილებები

'ბეტა ტესტერები' უკვე არაერთგზის ვახსენეთ და მოგვიწევს თამაშის პირველადი შეფასებისას, სწორედ მათ გამოცდილებებს დავეყრდნოთ.

2019 წლის დასაწყისში, მათ ნაწილს Metro Exodus-ის თითქმის დასრულებულ ვერსიასთან მოუწია შეხება. მათთვის ხელმისაწვდომი ახალი ტერიტორია საქართველოსთან ახლოს მდებარე კასპიის უდაბნოა. ამ ვერსიაში პირველად, მოთამაშეებმა ავტომობილები და სხვა მანქანები გამოსცადეს.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ შინ  არც ერთი ტესტერი არ წასულა გაწბილებული. ბევრ მათგანს Metro-ს სამყარომ Mad Max გაახსენა (თუ ვიდეოს ნახავთ, მიხვდებით რატომაც), ოღონდ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ბევრად უფრო ბნელ ფერებში.

ექნება Metro: Exodus-ს ბევრნაირი დასასრული?

მთავარი კითხვა, რომელიც გეიმერებს აინტერესებთ ნათელია - საბოლოო ჯამში, კვლავ სწორ ხაზოვან ამბავს უნდა გაყვნენ, თუ მათი გადაწყვეტილებები თამაშის საბოლოო შედეგზეც მოახდენს გავლენას? სერიების წინა თამაშებს დასასრულის ოდნავი ვარიაციები ჰქონდა, თუმცა მხოლოდ ერთი მათგანი მიიჩნეოდა კანონიკურად. ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად, თავად დიმიტრი გლუხოვსკის უნდა მოვუსმინოთ -

'თამაშს ერთი დასასრული არ ექნება. ესაა ყველაზე დიპლომატიური პასუხი, რომელიც ამ ეტაპზე შემიძლია გაგცეთ.'

გლუხოვსკის სიტყვებიდან გამომდინარე რთულია კონკრეტული დასკვნების გაკეთება, მაგრამ ნამდვილად არავის გაუკვირდება, თუკი თამაშს არა ერთი, არამედ რამდენიმე, ან შეიძლება ათობით დასასრული ექნება.

წაიკითხეFAR CRY NEW DAWN - შუთერი, რომელიც პოსტ-აპოკალიპტურ სამყაროს ახლებურად გვაცნობს

Metro: Exodus და 4K

ვისაუბროთ ოთახში მყოფ სპილოზეც (Elephant in the Room, რატომაც არა) - თამაშის ვიზუალური მხარე. გრაფიკული მხარის სიტყვებით აღწერას, ყოველთვის ჯობია, რომ ვიდეო ვიხილოთ. 4A Game-ის ახალი ძრავი Metro: Exodus-ის მოთამაშეებს იმის საშუალებას აძლევს, რომ პოსტ-აპოკალიპტურ სამყაროში 4K ხარისხით გადაეშვან

რა თქმა უნდა, ვიდეო თამაშის ისეთ დეტალებზე, რომელიც უკვე გავრცელდა და სპოილერებს შეიცავს, არ ვისაუბრებთ. Metro: Exodus-ის ფასი ყველა პლატფორმაზე 49:99 $ იქნება. როგორც უკვე ავღნიშინეთ, თამაში Far Cry New Dawn-თან ერთად გამოდის და შესაბამისად, 2019 წელი პოსტ-აპოკალიპტური ნარატივების მოყვარული გეიმერებისთვის იდეალურად იწყება. მათ შეეძლებათ Ubisoft-ის ფერადი და 4A Games-ის დეპრესიული სამყაროები პარალელურად შეისწავლონ და დაიპყრონ. 

კომენტარები

ბოლო ამბები