Thumbnail
  • პორტუგალიელი ინტერის გენდირექტორ ჯუზეპე მაროტას უნდა შეხვდეს
  • 56 წლის მწვრთნელი ყოფილ კლუბს ალბათ ახალი სეზონიდან ჩაიბარებს 

მილანის ინტერს შესაძლოა ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო დაუბრუნდეს, რომელიც ბოლოს მანჩესტერ იუნაიტედში მუშაობდა და წლის ბოლოს თანამდებობა დაატოვებინეს. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება, რომლის ცნობით, მილანურ კლუბი ლუჩანო სპალეტის, ახლავე თუ არა, სეზონის დასრულების შემდეგ ნამდვილად შეელევა. 

როგორც ირკვევა, 56 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი ამჟამად მილანში იმყოფება, სადაც ‘ნერაძურის’ გენერალურ დირექტორს ჯუზეპე მაროტას უნდა შეხვდეს. იტალიური კლუბის ხელმძღვანელობა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოურინიოს კანდიდატურას ახალი სეზონის დასაწყისიდან განიხილავს და მაროტასა და მოურინიოს შორის საუბარიც, სავარაუდოდ, ამ თემაზე გაიმართება.

მოურინიო მილანის ინტერში 2008-10 წლებში მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა პირველსავე სეზონში იტალიის ჩემპიონობა მოიპოვა, მეორეში კი ტრებლი შეასრულა: მოიგო სერია A, იტალიის თასი და ჩემპიონთა ლიგა. 

მოურინიოს ინტერმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბაიერნს მოუგო (2:-0)

მილანში ჩასვლამდე უმუშევრად მყოფი პორტუგალიელი რუსეთს სტუმრობდა, სადაც ჰოკეიში KHL-ის მატჩს დაესწრო. ჟოზეს ყინულის მოედანზე კურიოზი შეემთხვა - ხალიჩაზე ფეხი გაუცურდა და დაეცა.

ლუჩანო სპალეტის გუნდი სერია A-ში ზედიზედ ორი წაგების შემდეგ, სატურნირო ცხრილში 40 ქულით მესამე ადგილზეა და თუ ასე გააგრძელებს, ჩემპიონთა ლიგის საგზურიც სანატრელი გაუხდება. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ინტერი მოლაპარაკებას იუვენტუსის, ჩელსისა და იტალიის ნაკრების ყოფილ თავკაცთან ანტონიო კონტესთან მართავდა, თუმცა მოგვიანებით თავად სპეციალისტმა ეს ხმები უარყო.

მოურინიო მანჩესტერ იუნაიტედიდან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს, მის ადგილზე კი სეზონის ბოლომდე ოლე გუნარ სოლსკიაერი დაინიშნა.

'წითელ ეშმაკებამდე' პორტუგალიელი ლონდონის ჩელსის, მადრიდის რეალს, მილანის ინტერს, პორტუს, უნიან ლეირიასა და ლისაბონის ბენფიკას წვრთნიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები