Thumbnail

'მომავლის' ტურნირი და მუნდიალი 2030 ევროპაში - უეფას 'ახალი' ბოსის დაპირებები 

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ალექსანდერ ჩეფერინი ახალი ვადით აირჩიეს
  • სლოვენიელის გეგმები და დაპირებები

რომში უეფას 43-ე კონგრესზე ალექსანდერ ჩეფერინი ხელახლა აირჩიეს უეფას პრეზიდენტად. 51 წლის სლოვენიელი პირველად 2016 წლის სექტემბერში აირჩიეს უეფას პრეზიდენტად. სლოვენიელი საფეხბურთო ჩინოვნიკი აცხადებს, რომ მისი ხელმძღვანელობით უეფას ახალი სტრატეგიის მთავარი ელემენტები "ერთიანობა, იმედი, პატივისცემა და სოლიდარობა" იქნება.

"მადლობა, რომ კიდევ ერთხელ მენდეთ. ეს ჩემთვის დიდი პატივია. ევროპული ფეხბურთი ახლა საკმაოდ კარგ სიტუაციაშია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ახლა ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება გავაკეთოთ ის არის, რომ მიღწეულით დავკმაყოფილდეთ. ახლა მსოფლიოს სწრაფად ვითარდება და იცვლება, ჩვენ ამ ტემპს არ უნდა ჩამოვრჩეთ. არ უნდა შეგვაცდინოს მოკლე დროში მიღწეულმა წარმატებამ, წინ ბევრი წინაღობაა", - განაცხადა ჩეფერინმა.

ერთა ლიგა და ევრო 2020

უეფას პრეზიდენტის თქმით, უეფას ახალ ტურნირს, ერთა ლიგას უდიდესი წარმატება ხვდა წილად. შემდეგი დიდი სამიზნე ევრო 2020-ია, რომელიც კონტინენტის 12 ქალაქში უნდა გაიმართოს. "ეს ჩემპიონატი უნდა იყოს ერთიანი და ტოლერანტული ევროპის სიმბოლო", - განაცხადა სლოვენიელმა. 
ჩეფერინი გვპირდება, რომ 2019-2024 წლებში უეფაში ბევრი ცვლილება განხორციელდება. 

'მომავლის' საკლუბო ტურნირი

"ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენს პარტნიორ ECA-სთან ერთად მომავლის საკლუბო ტურნირების შესაქმნელად. ახალი ტიპის ტურნირები ახალ დონეზე აიყვანს ევროპულ ფეხბურთს, მაგრამ ჩვენ არ დავთმობთ ორ მთავარ პრინციპს - იქ თამაში შეეძლებათ 55-ვე ქვეყნის წარმომადგენლებს და საკვალიფიკაციო სისტემა იქნება აგებული სპორტულ პრინციპებზე", - განაცხადა ჩეფერინმა, რომელმაც ამით დაადასტურა, რომ საბოლოოდ ევროპის სუპერლიგა, ალბათ, მაინც შეიქმნება. ECA - ევროპის კლუბთა ასოციაცია დიდი ხანია იბრძვის ამ ტურნირისთვის. 

მუნდიალი 2030 ევროპაში

ჩეფერინი ამბობს, რომ ამ მხრივ რევოლუციური ცვლილებები იქნება, მაგრამ ყველაფერი ერთი ხელის მოსმით არ შეიცვლება: "ძალიან გთხოვთ, არ ელოდოთ საოცრებებს. ვინც ამტკიცებს, რომ ისტორიული კურსის გადაკეთება ჯადოსნური ჯოხის ერთი მოქნევით შეუძლია, ან მეოცნებეა ან შარლატანი. როგორ უნდა შევძლოთ სასწაული, როცა დღევანდელ მსოფლიოში მოსახლეობის 1%-ს ქონების ნახევარი ეკუთვნის. როგორ ველოდოთ სასწაულებს, როცა ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც კედლების შენება უფრო მოდურია, ვიდრე ხიდების. სადაც საკუთარი კეთილდღეობა პრიორიტეტულია, ვიდრე სხვების დახმარება", - განაცხადა ჩეფერინმა.

უეფას პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ 2030 წლის მუნდიალის ევროპაში ჩატარებისთვის იბრძოლებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები