Thumbnail

ფიფას 2019 წლის პირველი რეიტინგი - საქართველო აზიის თასმა დააზარალა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ფიფამ 2019 წლის პირველი, თებერვლის სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა
  • საქართველო რეიტინგში ორი საფეხურით დაქვეითდა და 91-ე ადგილზეა
  • ფიფას რეიტინგში ცვლილებები აზიის თასის გათამაშებამ გამოიწვია 

ფიფამ 2019 წლის პირველი, თებერვლის სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველო, რომელმაც წელიწადი 89-ე ადგილზე დაასრულა, განახლებულ რეიტინგში ორი საფეხურით დაქვეითდა და 91-ეზეა. საქართველოს ნაკრებს ამ პერიოდში მატჩი არ ჩაუტარებია, კვლავაც 1269 ქულა აქვს, უკუსვლა კი სხვა ქვეყნების წინსვლითაა გამოწვეული.

ფიფას რეიტინგში ცვლილებები აზიის თასის გათამაშებამ განაპირობა და ჩვენი უკუსვლაც ამ ტურნირში მონაწილე ქვეყნების შედეგებითაა განპირობებული. უდიდესი წინსვლა სწორედ აზიის ჩემპიონ ყატარს აქვს, რომელიც ერთბაშად 38 საფეხურით დაწინაურდა და ამჟამად 55-ეა. საქართველოს ასევე გადაუსწრო უზბეკეთმა, რომელიც 95-ე ადგილიდან 89-ზე აინაცვლა.

ცვლილება არ მომხდარა ფიფას რეიტინგის საუკეთესო ათეულში. სიას ისევ ბელგიის ნაკრები ლიდერობს, მეორე-მესამე ადგილებს კი მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთი და ბრაზილია იკავებენ.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წინ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ელის, რომელსაც ვლადიმირ ვაისის გუნდი 23 მარტს, შვეიცარიასთან საშინაო შეხვედრით დაიწყებს. ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა იქამდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ნაკრებისთვის ამხანაგური შეხვედრების დაგეგმვას.

ჯერჯერობით უცნობია, რას აპირებს ვლადიმირ ვაისი ევრო 2020-ის შესარჩევის დაწყებამდე 

რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო D ჯგუფში საქართველოს მეტოქეების პოზიციებს ფიფას რეიტინგში, საუკეთესო პოზიცია შვეიცარიის ნაკრებს აქვს (8), რომელსაც კვლავაც ორი საფეხურით ჩამორჩება დანია (10). ახალ რეიტინგში ერთი საფეხურით დაქვეითდა და 34-ეა ირლანდიის ნაკრები, ხოლო გიბრალტარი - 194-ეზე.

ფიფას რეიტინგის საუკეთესო ათეული

1. ბელგია - 1727 ქულა 
2. საფრანგეთი - 1726 
3. ბრაზილია - 1676
4. ხორვატია - 1634
5. ინგლისი - 1631
6. პორტუგალია - 1614
7. ურუგვაი - 1609
8 (8). შვეიცარია - 1599 
9. ესპანეთი - 1591 
10. დანია - 1589.

კომენტარები

ბოლო ამბები